ძიუდო

12:48 | 20.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოს ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ეყოლება

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა დილარ ხაბულიანმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება ხაბულიანმა დღეს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლადო ვარძელაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ხაბულიანმა, რომელიც 18 სექტემბერს ძიუდოს ფედერაციაში გამართულ აღმასკომის საგანგებო სხდომას არ დასწრებია, განაცხადა, რომ ამ ხნის განმავლობაში შვებულებაში იმყოფებოდა, რაც მისივე თქმით, თანამდებობის დატოვებას ნიშნავდა. კულუარული ინფორმაციით, ძიუდოს ფედერაციის აწ უკვე ყოფილ თავკაცს გადადგომის შესახებ განცხადება დაახლოებით ორი თვის წინ ჰქონდა დაწერილი.
დილარ ხაბულიანის თანამდებობიდან წასვლას გამოეხმაურა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი. მან აღნიშნა, რომ ეს, შექმნილ მდგომარეობაში ყველაზე კარგი გამოსავალი იყო, რათა სიტუაცია დარეგულირდეს და დასტაბილურდეს. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ხაბულიანს 19-წლიანი მუშაობისთვის.
ახალი ხელმძღვანელის არჩევამდე, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობას ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ალექსიძე შეასრულებს, საპრეზიდენტო არჩევნების ვადა კი, მიმდინარე კვირაში გასამართ აღმასკომის სხდომაზე დადგინდება. ამ სხდომაზევე განიხილავენ ძიუდოსტთა ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის დაკომპლექტების საკითხს.
შეგახსენებთ, რომ 18 სექტემბერს ძიუდოს ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა ტოკიოში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მომხდარი ინცედენტი განიხილა, როცა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ცირეკიძე დაგვიანების გამო ტურნირიდან მოხსნეს. მომხდარზე პასუხისმგელობა საკუთარ თავზე აიღო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამირან ტოტიკაშვილმა და აღმასკომის წინაშე გადადგომის განცხადებით წარსდგა, რომელიც კომიტეტის წევრებმა დააკმაყოფილეს. ასევე გაათავისუფლეს მისი სამწვრთნელო შტაბის წევრებიც.

ცნობისთვის, დილარ ხაბულიანი საქართველოს ძიუდოს ფედერაციას დაარსების დღიდან, 1991 წლიდან ხელმძღვანელობდა. 

 

ეკა ელოშვილი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.086488