საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ახალი სეზონისთვის მზადებას 100 კილოგრამი წონითი კატეგორიის ლიდერ გურამ თუშიშვილის გარეშე შეუდგა. ახალგაზრდებს შორის ევროპის მოქმედი ჩემპიონი, რომელიც ორიოდ თვის წინ უფროსებშიც გახდა საქართველოს ჩემპიონი, ეროვნულ გუნდთან ერთად არაა. მიზეზი საქართველოს ძიუდოს ფედერაციის მიერ ჯერ კიდევ 2013 წლის ბოლოს მიცემული დისკვალიფიკაცია ყოფილა, მაგრამ ამის შესახებ მხოლოდ ახლა შევიტყვეთ, ისიც ძიუდოს შიდა წრეებიდან. ოფიციალურად კი ფედერაციას ინფორმაცია არათუ დროულად, არამედ საერთოდ არ გაუხმაურებია.
გურამ თუშიშვილი და ახალგაზრდული ნაკრების კიდევ ერთი წევრი ლაშა ტაველური (90 კგ) გუნდის მოსამზადებელ შეკრებაზე ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადების გამო დაისაჯნენ. ძიუდოს ფედერაციის სპორტულმა დირექტორმა ზურაბ უსუფაშვილმა კი, რომელსაც პარალელურად ფედერაციის ფეისბუქ და ვებ-გვერდის გაძღოლა და მასმედიასთან ურთიერთობაც ევალება, ამ დისკვალიფიკაციის შესახებ დღეს ჟურნალისტებისგანვე შეიტყო.
“მსოფლიო სპორტი” სიტუაციაში გასარკვევად ძიუდოს ფედერაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტ მამუკა ყიზილაშვილს დაუკავშირდა.
“გადაწყვეტილება ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ერთი თვის წინ მიიღო და სპორტის სამინისტროს აცნობა. გურამ თუშიშვილი და ლაშა ტაველური ჯერ კიდევ ევროპის ჩემპიონატის (22-24 სექტემბერი) წინ, ყვარელში გამართულ შეკრებაზე ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადდნენ და მართალია დაგვიანებით, მაგრამ მაინც დაისაჯნენ. თუშიშვილს 1-წლიანი დისკვალიფიკაცია მიეცა, ხოლო ტაველურს – 6-თვიანი. ამასთან, დისციპლინის დამრღვევ სპორტსმენებს ხელფასებიც მოეხსნათ. გამორიცხული არაა, სასჯელის ვადა შეუმცირდეთ, თუ მათზე პასუხისმგებლობას პირადი მწვრთნელები აიღებენ, ოღონდ თუშიშვილის საქმე გადახედვას მხოლოდ 3 თვის შემდეგ დაექვემდებარება, ხოლო ტაველურის – 2 თვის შემდეგ” – განაცხადა ყიზილაშვილმა.
შეგახსენებთ, ყვარლის შეკრების შემდეგ გურამ თუშიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინვალედ იჭიდავა და ჩემპიონიც გახდა. ფედერაციის პრინციპული პოზიცია მისასალმებელია, მაგრამ იმედია პერსპექტიულ სპორტსმენებს იძულებითი უქმობის ვადას მაინც შეუმცირებენ. მით უმეტეს, როცა თუშიშვილის წონა – 100 კილოგრამი საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველაზე სუსტი წერტილია. ასევე სასურველია, რეაგირება უფრო სწრაფი იყოს ხოლმე და ინფორმაციაც, რომლის დამალვასაც უბრალოდ აზრი არ აქვს, უშუალოდ ფედერაციისგან მივიღოთ და არა კულუარებიდან.