საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს მინიმუმ უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ვეტერანი ძიუდოისტი ირაკლი უზნაძე უთავკაცებს. ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის ოფიციალურად დანიშვნის შესახებ განცხადება ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა დღეს, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. დღესვე გაცხადდა ფედერაციის ერთი ვიცე-პრეზიდენტისა და გენერალური მდივნის ვინაობაც.
“ფედერაციის პრეზიდენტად არჩევისთანავე მხოლოდ მამუკა ყიზილაშვილის - პირველ ვიცე-პრეზიდენტად დანიშვნის შესახებ გამოვაცხადე. სხვა კადრების შესარჩევად კი დრო ვითხოვე, რადგან ისეთი ადამიანები შემერჩია, ქართულ ძიუდოს მართლა რომ გამოადგებოდნენ. ამჯერად მინდა რამდენიმე მათგანი წარმოგიდგინოთ. ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას ნაკრების აწ უკვე ყოფილი წევრი ლევან ჟორჟოლიანი დაიკავებს. გენერალური მდივნის თაობაზე ძალიან ბევრი ვიფიქრეთ, კონკურსიც კი გამოვაცხადეთ და ვფიქრობ, საბოლოოდ საკმაოდ კარგი გადაწყვეტილება მივიღეთ – არჩევანი გიორგი ათაბეგაშვილზე შევაჩერეთ. მას აქამდე არ ვიცნობდი და გავესაუბრე თუ არა, მივხვდი, რომ დაკისრებული საქმისთვის თავის წარმატებულად გართმევა არ უნდა გაუჭირდეს. პროფესიით იურისტია, მუშაობდა “თიბისი ბანკში” იურისტად და ერთ-ერთ კერძო კომპანიაში დირექტორად. მენეჯერად მუშაობის გამოცდილებაც აქვს, უცხო ენებსაც ფლობს და ბევრი რამ ფედერაციაში სწორედ ამ ადამიანზე იქნება დამოკიდებული. ნაკრების მთავარი მწვრთნელი კი დღეიდან ირაკლი უზნაძე იქნებოდა. ვინც არ იცნობს, ვიტყვი, რომ იგი წლების განმავლობაში თურქეთის ნაკრებში ჭიდაობდა და 2002 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა. ბოლოხანს საქართველოს ნაკრებთან ერთადაც მუშაობდა და როდესაც მთავარი მწვრთნელობის არაერთ კანდიდატს შორის არჩევანის გაკეთებას ვცდილობდით, ირაკლის კანდიდატურა ყველასთვის სასურველი აღმოჩნდა. ცხადია, აზრი სპორტსმენებსაც ვკითხეთ და მათგანაც სრული მხარდაჭერა მივიღეთ. პირველ ყოვლისა იმიტომ, რომ ირაკლი უზნაძე ძალიან ობიექტური და აბსოლუტურად ნეიტრალური სპეციალისტია. მართალია, დიდი სამწვრთნელო გამოცდილება არ აქვს, მაგრამ არც გამოუცდელი ეთქმის. მინდა გულწრფელად ვთქვა, რამდენიმე ღირსეული კანდიდატურა განიხილებოდა და საბოლოო გადაწყვეტილება საერთო აზრის გათვალისწინებით მივიღეთ” – განაცხადა დავით ქევხიშვილმა და იქვე მთავარი მწვრთნელის ასისტენტებიც დაასახელა. უზნაძეს ნაკრების გაწვრთნაში გიორგი ვაზაგაშვილი და დავით ასუმბანი დაეხმარებიან. ვიდრე დამსწრეთ უზნაძე მიმართავდა, ფედერაციის პრეზიდენტმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:
- ირაკლი ცირეკიძესთან რაიმე სახით თუ გააგრძელებთ თანამშრომლობას?
- ვიდრე უშუალოდ ამ საკითხს შევეხებოდე, ერთხელაც გავიმეორებ უკვე არაერთგზის ნათქვამს. ცირეკიძის ნაკრების მთავარი მწვრთნელობიდან წასვლა არანაირად არ ნიშნავს, რომ მის მიერ გაწეული მუშაობით უკმაყოფილო ვარ. პირიქით, დაკისრებულ მოვალეობას თავი საკმაოდ კარგად გაართვა, მაგრამ ძიუდოს ოჯახის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ნაკრებს სათავეში სხვა მწვრთნელი ჩაუდგა. რაც შეეხება სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობას, ორ ვარიანტზე ფიქრობთ. პირველი – ირაკლი ფედერაციაში დასაქმდეს, მეორე – ჩაიბაროს ჭაბუკთა ნაკრები, თუკი ამის სურვილი ექნება.
- ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელის შეცვლაც გადაწყვეტილია?
- ასეა და ახალი მწვრთნელის ვინაობას სავარაუდოდ 2-3 დღეში შეგატყობინებთ. გია თენაძე კი მუშაობას ქალთა ნაკრებში გააგრძელებს.
- ცვლილებები ახალგაზრდული ნაკრების სამწვრთნელო შტაბსაც შეეხება?
- არა. ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელად გია გუგავა დარჩება.
- ირაკლი უზნაძესთან კონტრაქტის დეტალებს გაგვიმხელთ?
- სავარაუდოდ მინიმუმ ერთწლიან ხელშეკრულებას გავაფორმებთ.
- ამ ერთი წლის განმავლობაში ნაკრების მთავარ მწვრთნელს რაიმე კონკრეტული შედეგის მიღწევას ხომ არ მოსთხოვთ?
- სიმართლე გითხრათ, ამაზე ჯერ არ გვისაუბრია. ბუნებრივია, იქნება რაღაც პირობები, მაგრამ უმალ მაღალი შედეგიანობის მოთხოვნა არარეალურად მიმაჩნია.
ირაკლი უზნაძე:
“მადლობა დიდი ნდობისთვის. ვეცდები დაკისრებულ მოვალეობას თავი წარმატებულად გავართვა. ამ ეტაპზე ჩემი უმთავრესი მიზანია, რაც შეიძლება მალე გამოვიყვანო გუნდი იმ ინერტული მდგომარეობიდან, რომელშიც ბოლო წლების შიდა დაპირისპირებების გამო აღმოჩნდა. ნაკრები მაქსიმალურად უნდა შეიკრას. რაც შეეხება სამუშაო გეგმას, მოსამზადებელი შეკრებები ძირითადად საქართველოში უნდა გავიაროთ, რათა კადრს მიღმა დარჩენილ კანდიდატებსაც მაქსიმალურად მიეცეთ კონდიციების ამაღლებისა და შემდგომში თავიანთი შესაძლებლობების საუკეთესოდ გამოვლენის შანსი. ევროპის ჩემპიონატამდე 5 საერთაშორისო ტურნირზე გამოვალთ. შიდა კონკურენციაზე კიდევ ერთხელ დასაკვირვებლად თბილისის ტრადიციულ ტურნირს გამოვიყენებთ. ვფიქრობ, გუნდის პირველი-მეორე ნომრობის უმთავრეს კანდიდატთა დაახლოებით 80 პროცენტი სწორედ სპორტის სასახლეში გამოიკვეთება”.
ოთარ მაღლაკელიძე







