ძიუდო

12:47 | 16.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოისტებს წარმატებები წლის ბოლოს დაუფასდებათ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები სახელმწიფოსგან კუთვნილ პრემიალურ თანხას ტრადიციულად, სეზონის ბოლოს მიიღებენ. ინფორმაცია “მსოფლიო სპორტს” საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ თამაზ თევზაძემ დაუდასტურეს.

აპრილის ბოლოს ბუდაპეშტში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ნაკრების მთავარ მწვრთნელ ირაკლი უზნაძის კომენტარს, რომ პრემიალური თანხა სპორტსმენებს ჯერ მიუღებელი ჰქონდათ, გულშემატკივართა ერთი ნაწილის გაღიზიანება მოჰყვა.

“საგანგაშო არაფერია და არც აქამდე ყოფილა. პრემიები როგორც წესი, წლის ბოლოს გაიცემა და წლეულსაც ასე იქნება” – გვითხრა დავით ქევხიშვილმა.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრებმა 3 ოქროს, 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ამირან პაპინაშვილი (60 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (66 კგ) და ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) ევროპის ჩემპიონები გახდნენ. ნუგზარ ტატალაშვილმა (73 კგ), ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) და ადამ ოქრუაშვილმა (+100 კგ) მეორე ადგილი დაიკავეს, ხოლო ზებედა რეხვიაშვილი (73 კგ) მესამეზე გავიდა.

აგვისტოს ბოლოს რიო დე ჟანეიროში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს. ამასთან, ევროპისა და მსოფლიოს გუნდურ პირველობებზე საქართველოს ნაკრები ჩემპიონი გახდა.

0.117254