თურქულ შეკრებაზე წამსვლელთა სია საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ავსტრიელმა თავკაცმა, პიტერ ზაიზენბახერმა დღეს საღამოს, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში ჩატარებული ვარჯიშის დასრულების შემდეგ გამოაცხადა. “მსოფლიო სპორტისთვის” ნაკრების 16-კაციანი განაცხადი, გაოფიციალურებამდე ერთი დღით ადრე გახდა ცნობილი, თუმც ბოლო მომენტში მწვრთნელებმა შემადგენლობაში ერთი ცვლილება განახორციელეს – განაცხადს მძიმეწონოსანი ზვიად ხანჯალიაშვილი დაამატეს, 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე საბა გავაშელიშვილის ნაცვლად.
საქართველოს ნაკრები თურქეთში, 27 მარტს, გამთენიისას გაემგზავრება და ქალაქ ანკარაში 6-დღიან ერთობლივ წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას.
“უცხოელ ძიუდოისტებთან ერთად, ვარჯიშს დიდ ყურადღებას ვუთმობთ. ეს ჩვენი გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. თურქებს შევუთანხმდით, რომ საპასუხო ერთობლივ შეკრებას საქართველოშიც მოვაწყობთ. ეს კიდევ უფრო მეტად სასარგებლო იქნება, რადგან ნაკრების ყველა კანდიდატს მიეცემა შანსი” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” პიტერ ზაიზენბახერმა.
ანკარაში ქართული გუნდი შემდეგი შემადგენლობით ივარჯიშებს: 60 კგ - ამირან პაპინაშვილი და ბეთქილ შუკვანი, 66 კგ – შალვა ქარდავა და გიორგი შოშიაშვილი, 73 კგ – ნუგზარ ტატალაშვილი, ამბაკო ავალიანი და თენგიზ პაპოშვილი, 81 კგ – ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური და დავით კარბელაშვილი, 90 კგ – ვარლამ ლიპარტელიანი, 100 კგ – ირაკლი ცირეკიძე, ლევან ჟორჟოლიანი და იოსებ მსხალაძე, +100 კგ - ნოდარ მეტრეველი და ზვიად ხანჯალიაშვილი. ქართულ გუნდს თურქეთში ზაიზენბახერთან ერთად ზურაბ ზვიადაურიც გაჰყვება.
ოთარ მაღლაკელიძე







