ძიუდო

16:27 | 8.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოისტებმა ტურნირებს იაპონური შეკრება ამჯობინეს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატამდე არცერთ საერთაშორისო ტურნირზე აღარ გამოვა. ათიოდ დღეში, გუნდის ავსტრიელი თავკაცი პეტერ ზაიზენბახერი გაფართოებულ შემადგენლობას იაპონიაში იახლებს და ხუთი კვირის განმავლობაში ერთობლივ წვრთნებში ჩართავს. შემდეგ კი შეგირდებს კიდევ თითო უცხოურ და ქართულ შეკრებას ჩაუტარებს. ინფორმაცია დღეს, დიღომში მდებარე ძიუდოს აკადემიაში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ალექსიძემ გააჟღერა.
“ბუქარესტის მსოფლიოს თასი ქართველი ძიუდოისტებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ბოლო ტურნირი იყო. ივნისში საერთაშორისო კალენდარში ტალინის მსოფლიოს თასი (11-12 ივნისი), რიო დე ჟანეიროს დიდი სლემი (18-19 ივნისი) და სან პაულუს (25-26 ივნისი) მსოფლიოს თასიცაა, მაგრამ ჩვენი გუნდი ამ ტურნირებში არ ჩაერთვება. გადაწყვეტილება პეტერ ზაიზენბახერმა მიიღო. მას მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი გეგმაც აქედანვე კონკრეტულად აქვს გაწერილი. 19 ივნისს იაპონიაში 20-კაციანი დელეგაცია გაემგზავრება. 16 სპორტსმენი ძიუდოს სამშობლოში 23 ივლისამდე ორ შეკრებას გაივლის. თბილისში დაბრუნებიდან ერთ კვირაში, ნაკრები ბელარუსში ან იტალიაში გაემგზავრება სავარჯიშოდ, ხოლო დასკვნით შეკრებას დუშეთის ბაზაზე გაივლის”, – განაცხადა გიორგი ალექსიძემ.
პრესკონფერენციაში მონაწილეობა თავად ზაიზენბახერმაც მიიღო და დარჩენილი ტურნირების იგნორირების გადაწყვეტილებაც თავადვე ახსნა:
“ტურნირების გამოტოვებით ძიუდოისტებს, ცხადია, სარეიტინგო ქულების მიღების შანსიც ეკარგებათ, მაგრამ ჩემი აზრით, ლიცენზიების მოპოვების პრობლემაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე მოსამზადებელი ციკლის სრულყოფილად წარმართვაა”.
 

 

ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.165752