ძიუდო

18:24 | 8.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოისტებმა სარეიტინგო სიახლეები ჩამოწერეს

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.ijf.org) 2010 წლის სატურნირო კალენდარის საბოლოო ვარიანტი გამოაქვეყნა და თან ძიუდოისტთათვის სარეიტინგო ქულების დარიცხვის სისტემაც დაურთო. ახალი სეზონი ერთ კვირაში, სამხრეთ კორეის ქალაქ სუვონში, მსოფლიოს მასტერსით გაიხსნება. იანვრის ბოლო ორი დღე კი ევროტატამი თბილისში გაიშლება. სპორტის სასახლე მსოფლიოს თასს უმასპინძლებს.
სულ წლეულს 40-ზე მეტი უმაღლესი კატეგორიის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდება. მათგან დაახლოებით 30-ში სარეიტინგო ქულები დარიგდება. ყველაზე მეტ ქულებს სპორტსმენები მსოფლიოს ჩემპიონატზე მიიღებენ. მსოფლიოს ჩემპიონობა 500 ქულად ფასობს. ვერცხლის მედალოსნებს 300 ქულა დაემატებათ, ბრინჯაოსნებს – 200, ხოლო მეხუთეადგილოსნებს – 100.
სხვა ტურნირებიდან სარეიტინგო თვალსაზრისით ყველაზე სარფიანი კორეული მასტერსია. ჩემპიონებს 400 ქულა მიემატებათ, ფინალში წაგებულებს – 240, მესამეადგილოსნებს – 160, მეხუთეადგილოსნებს – 80. მასტერსი ფინანსურადაც გამორჩეული შეჯიბრია. მისი საპრიზო ფონდი 200 ათასი დოლარია და პირველ-სამ ადგილზე გასული ძიუდოისტები 6, 4 და 2 ათასი დოლარით დასაჩუქრდებიან. დიდი პრიზის ტურნირების საპრიზო ფონდი 150 ათასი დოლარია, დიდი სლემის – 100 ათასი. დიდ სლემზე სამეული 300, 180 და 120 ქულას გადაინაწილებს, ხოლო დიდ პრიზზე – 200, 120 და 80 ქულას.
ევროპის ჩემპიონატი სარეიტინგო ქულების დარიგების მხრივ შედარებით მოკრძალებულია. ოქროსმედალოსანი 180 ქულას მიიღებს, ვერცხლოსანი – 108 ქულას, ბრინჯაოსანი - - 72-ს. ყველაზე დაბალშემოსავლიანი კი მსოფლიოს თასი იქნება, მაგრამ სამაგიეროდ ეს ტურნირები ყველაზე ხშირად ჩატარდება. 30-31 იანვარს, სპორტის სასახლეში, ჩემპიონი ოქროს მედალთან ერთად 100 ქულას შეიმატებს, მეორეადგილოსანი – 60-ს, მესამეადგილოსანი კი 40-ს.
აქვე ერთი საინტერესო დეტალიც – მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე და მსოფლიოს თასებზე მეოთხედფინალურ ეტაპზე დამარცხებულები ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებენ ბრძოლას. დიდ სლემზე, დიდ პროზსა და მსოფლიოს მასტერსზე კი რეპეშაჟის წესი საერთოდ არ იმოქმედებს და ნახევარფინალში წაგებულები უმალ კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავლენ.

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093147