ძიუდო

11:17 | 10.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოისტებმა მსოფლიოს განაცხადი თითქმის შეავსეს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამირან ტოტიკაშვილმა, “მსოფლიო სპორტს” მსოფლიოს ჩემპიონატზე წასაყვანი 15-კაციანი შემადგენლობის 13 წევრის ვინაობა გაუმხილა. სეზონის უმთავრესი შეჯიბრი 9-13 სექტემბერს, ტოკიოში გაიმართება. ქართული გუნდი კი, იაპონიაში ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ჩავა. იქამდე, ტოტიკაშვილის შეგირდები სამ ქართულ შეკრებას გაივლიან. მწვრთნელმა გეგმაში ბელარუსის ერთობლივ ვარჯიშებში მონაწილეობაც შეიტანა.
“26 ივლისს, სტაიკების ბაზაზე, 25-მდე ქვეყნის ნაკრები შეიკრიბება და 5 დღის განმავლობაში ერთობლივი წვრთნები გაიმართება. საქართველოს დელეგაცია 17-კაციანი იქნება. მე და გურამ მოდებაძე, ბელარუსში მსოფლიოს პირველობაზე დასაყენებელ 15 სპორტსმენს ჩავიყვანთ. სასექტემბრო განაცხადში ცვლილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში განვახორციელებთ, თუკი ვინმე რეჟიმს დაარღვევს”, – განაცხადა ტოტიკაშვილმა.
ნაკრები, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ დასკვნით ციკლს დღეს, ბაკურიანის შეკრებით იწყებს. 2 კვირის განმავლობაში, ძირითადი ყურადღება ფიზმომზადებას დაეთმობა. 25 ივლისს, გუნდი მინსკში გაფრინდება და თბილისში 1 აგვისტოს დაბრუნდება. 5 აგვისტოდან, გაფართოვებული შემადგენლობა ბორჯომს მიაშურებს, ბოლო შეკრება კი თბილისში გაიმართება.
“60 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ბელარუსის შეკრებაზე და შესაბამისად, მსოფლიოს ჩემპიონატზეც, დავით ასუმბანსა და ამირან პაპინაშვილს ვაჭიდავებთ. 66 კილოგრამი ერთ-ერთი უსუსტესი წონაა ჩვენს ნაკრებში და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ჯერ კიდევ მიჭირს. არჩევანს შალვა ქარდავასა და მინდია ხომიზურს შორის გავაკეთებ, თუკი ეს უკანასკნელი, ზედმეტი წონის დაკლებას შეძლებს. შესაძლოა, ორივეს ლევან დავითაშვილი ვამჯობინოთ. ამ ბიჭს, მართალია, არც საქართველოს პირველობაზე აუღია მედალი და არც საერთაშორისო ტურნირებზე გამოუჩენია თავი, მაგრამ ვარჯიშებზე მშვენივრად გამოიყურება. მეორე ადგილს კი, ამ წონაში პაატა მერებაშვილი დაიკავებს. 73 კილოგრამში ზაზა კედელაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი იჭიდავებენ, 81-ში ლევან წიკლაურს, ან იოსებ წელაური შეუწყვილდება, ან გრიგოლ შინჯიკაშვილი. 90-ში ვარლამ ლიპარტელიანი და მინდია ბოდაველი სჯობნიან ყველას, 100-ში – ირაკლი ცირეკიძე და ლევან ჟორჟოლიანი, ხოლო მძიმეში – ადამ ოქრუაშვილი და ლაშა გუჯეჯიანი. მეთხუთმეტე ძიუდოისტი ალექსანდრე მსხალაძე იქნება, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო დღეს, აბსოლუტურ პირველობაში მიიღებს მონაწილეობას. ახალი წესების თანახმად, აბსოლუტურში თითო ქვეყანას 4 სპორტსმენის დაყენების უფლება აქვს და ამ ქვოტას მაქსიმალურად გამოვიყენებთ. მსხალაძესთან ერთად, მძიმეწონოსნებიც გავლენ ტატამზე და ალბათ, ცირეკიძე, ან ჟორჟოლიანი. როგორც ხედავთ, ჩემს მიერ დასახელებულ სიაში არ არიან დავით ქევხიშვილი (81 კგ) და ზვიად ხანჯალიაშვილი (+100 კგ). ნაკრები მინსკშიც მათ გარეშე გაემგზავრება და მსოფლიოს პირველობაზეც. ქევხიშვილს ვუთხარი, რომ 73 კილოგრამში მჭირდებოდა. წინასწარი შეთანხმებით, მოსკოვის “დიდ სლემზე” სწორედ 73-ში უნდა ეჭიდავა, მაგრამ ბრაზილიაში მიღებული ტრავმის გამო ზედმეტი წონის დაკლება გაუჭირდა და რუსეთშიც 81 კილოგრამში გამოვიდა. ახალ წონასთან შეგუება კი ადვილი არაა. რაც შეეხება ხანჯალიაშვილს, წინა ორ მსოფლიოს ჩემპიონატზე საწყის ეტაპზევე დამარცხდა, წლევანდელ ევროპირველობაზეც არ მომეწონა და აჯობებს, ამ ეტაპზე არ დავაყენოთ”, – დასძინა ტოტიკაშვილმა.
საქართველოს ნაკრების თავკაცი, მსოფლიოს პირველობაზე დასაყენებელ საბოლოო განაცხადს 20 ივლისს დაასახელებს.

ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089933