საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ამირან ტოტიკაშვილმა 22-25 აპრილს, ვენაში ჩასატარებელ ევროპის ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობა დაასახელა.
ავსტრულ ტატამზე დავით ასუმბანი (60 კგ), შალვა ქარდავა (66 კგ), ზაზა კედელაშვილი (73 კგ), ლევან წიკლაური (81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ), ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ), ზვიად ხანჯალიაშვილი და ლაშა გუჯეჯიანი (+100 კგ) გავლენ. პირველი-სამი დღე ინდივიდუალურ პირველობას დაეთმობა და ქართველთაგან კიმონოს მხოლოდ გუჯეჯიანი არ მოირგებს. იგი ნაკრებს 25 აპრილს ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე დაემატება.
წინასატურნირო დასკვნით შეკრებას ძიუდოისტები 4 დღეში დაასრულებენ. ვენაში კი 20-ში გაემგზავრებიან. ტოტიკაშვილმა წონის ლიდერთა გვარები დღეს, დიღომში მდებარე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში, საღამოს ვარჯიშის მიწურულს გამოაცხადა.
ოთარ მაღლაკელიძე







