საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა უცხოური შეკრებების საგაზაფხულო ტურნეს პირველი ნაწილი ჩაამთავრა. მეორეს დაწყებამდე სპორტსმენები რამდენიმე დღეს საქართველოში გაატარებენ, ხოლო გუნდის ავსტრიელი დამრიგებელი პეტერ ზაიზენბახერი – თავის სამშობლოში. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების უმთავრესმა კანდიდატებმა ბოლო ერთი თვე აზიაში ივარჯიშეს – ჯერ იაპონიაში, შემდეგ _ სამხრეთ კორეაში. წინ კი გერმანული და მონღოლური შეკრებებია - 1-7 და 9-17 აპრილს.
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, ამ მოსამზადებელ ციკლში აზიამოვლილი 16 ძიუდოისტიდან 14 ჩაერთვება. ბექა ღვინიაშვილი (81 კგ) და ლევან მატიაშვილი (+100 კგ) კი, ჯერ ძირითადი ნაკრების კანდიდატებად არ მიიჩნევიან. გუნდი გერმანიაში მათ გარეშე რომ გაემგზავრებოდა, ადრიანადვე ყოფილა გადაწყვეტილი.
60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მომავალ შეკრებებზე ამირან პაპინაშვილი და ბეთქილ შუკვანი მოემზადებიან, 66 კილოგრამში - ლაშა შავდათუაშვილი და შალვა ქარდავა, 73-ში - ნუგზარ ტატალაშვილი და ზებედა რეხვიაშვლი, 81-ში - ავთანდილ ჭრიკიშვილი და ლევან წიკლაური, 90-ში - ვარლამ ლიპარტელიანი და ზურაბ ზვიადაური, 100-ში - ლევან ჟორჟოლიანი და ნოდარ მეტრეველი, +100-ში - ადამ ოქრუაშვილი და ზვიად ხანჯალიაშვილი.
სწორედ ამ სპორტსმენებით დააკომპლექტებს ზაიზენბახერი ევროპის ჩემპიონატზე დასაყენებელ შემადგენლობას. ერთადერთი, ვინც კანდიდატთა სიას აკლია, ირაკლი ცირეკიძეა (100 კგ). ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ დისკვალიფიკაცირებულ ოლიმპიურ ჩემპიონს ნაკრებთან ერთად ვარჯიშის უფლება 19 აპრილამდე აქვს ჩამორთმეული და ტატამს სავარაუდოდ პირდაპირ ევროპირველობაზე დაუბრუნდება. ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო სეზონის დამაგვირგვინებელ ტურნირს 26-28 აპრილს რუსეთის ქალაქი ჩელიაბინსკი უმასპინძლებს და წინასწარი ინფორმაციით, ქართული გუნდი ტატამზე ორი შემადგენლობით გავა.
ევროპირველობისთვის მოსამზადებელ პროცესში აქტიურადაა ჩართული ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი. სამხრეთკორეულ შეკრებაზე იგი ძიუდოისტთა ნაკრების გვერდით იყო და “მსოფლიო სპორტთან” სპორტსმენთა ჯანმრთელობის შესახებ გააკეთა კომენტარი.
“ავთანდილ ჭრიკიშვილი და ლევან წიკლაური ტრავმების გამო იაპონურ შეკრებაში დაგვიანებით ჩაერთვნენ. შედარებით მძიმე ჭრიკიშვილის მდგომარეობა იყო, მაგრამ სარეაბილიტაციო პერიოდმა კარგად ჩაიარა და წინასწარ დაგეგმილი ავსტრიული გამოკვლევაც აღარ გახდა საჭირო. სავარჯიშო პროცესში მცირე ტრავმები ნუგზარ ტატალაშვილმა, ვარლამ ლიპარტელიანმა და ზურაბ ზვიადაურმაც მიიღეს. სანერვიულო არც ამ შემთხვევაში გვაქვს. ზემოთ ჩამოთვლილი ხუთივე ძიუდოისტი მზადაა, სრული დატვირთვით გააგრძელოს მზადება. რაც შეეხება ზოგადად გუნდის ამჟამინდელ კონდიციებს, ბიჭებმა აშკარად მოუმატეს. ფიზიკურადაც უკეთ არიან და გადაღლაც არ ეტყობათ. იაპონელ და კორეელ სპორტსმენებთან სპარინგშეხვედრებით კი, უდიდესი გამოცდილება მიიღეს”, – განაცხადა კახაბრიშვილმა.
ოთარ მაღლაკელიძე







