ძიუდო

21:59 | 13.10.2011 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოისტებმა ახალი პროექტი მოხაზეს

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობამ ჟურნალისტებს ახალი პროექტი წარუდგინა, რომელიც ახლახან მოამზადეს და უახლოეს მომავალში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან ერთად განახორციელებენ. დღეს, სამინისტროს სააქტო დარბაზში ამ პროექტისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა. მას-მედიას ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი შოთა ხაბარელი, გენერალური მდივანი ვლადიმერ ნუცუბიძე, ასაკობრივი ნაკრებების მთავარი მწვრთნელები გია გუგავა (ახალგაზრდულის) და გიორგი ვაზაგაშვილი (ჭაბუკების) და სპორტის მინისტრის მოადგილე გია გალდავა შეხვდნენ.
პროექტი მოიცავს ქვეყანაში არსებული ძიუდოს ინფრასტრუქტურის აღწერასა და შესწავლას. უკვე შეიქმნა სპეციალური მუშა-ჯგუფები, რომლებიც საქართველოს რეგიონებს შემოივლიან, დეტალურად შეისწავლიან ყველა ქალაქისა და სოფლის ძიუდოს სკოლას თუ სექციას და გააკეთებენ პროფესიულ დასკვნებს. ამ დასკვნების მიხედვით, ნათლად გამოჩნდება ნაკლოვანებები, რომელთა გამოსწორებაზეც ფედერაცია და სპორტის სამინისტრო ერთობლივად იზრუნებენ.
“ქართული ძიუდოს წარმატებული მომავლის საფუძველი სწორი და მიზანმიმართული მუშაობა უნდა გახდეს. ძალიან სერიოზული პროექტი შევიმუშავეთ და მისი განხორციელების შემდეგ გაცილებით გამართულ მექანიზმს მივიღებთ, რომელიც სამომავლოდ შედეგიანობის ზრდას განაპირობებს. მთელი მსოფლიო ამ რელსებზეა გადასული და ჩვენც სწრაფად უნდა ავუღოთ ალღო, თორემ წარმატება კლებას დაიწყებს. ჯგუფები საქმიანობას უკვე მომავალი კვირიდან შეუდგებიან და სულ მალე საქართველოს აბსოლუტურად ყველა რაიონისა და სოფლის ძიუდოს სკოლის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია გვექნება. სწრაფადვე გაანალიზდება, ვის რა სახის დახმარება ესაჭიროება. რა თქმა უნდა მხოლოდ მატერიალურ-ტექნიკურ მხარეს არ ვგულისხმობთ. სამინისტროსთან ერთად ვგეგმავთ მწვრთნელთა გადამზადების კურსების ჩატარებას, რათა ყველა სკოლაში კვალიფიცირებულმა სპეციალისტმა იმუშაოს” – განაცხადა ვლადიმერ ნუცუბიძემ.
გია გალდავამ ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობას საინტერესო პროექტის წამოწყებისთვის მადლობა გადაუხადა:
“ბრწყინვალე ინიციატივაა და კარგი იქნება, თუ სხვა ფედერაციებიც აგიბამენ მხარს. ეს პროექტი საშუალებას მოგვცემს, თითოეული უმცირესი პრობლემაც კი თვალნათლივ დავინახოთ და მათ აღმოსაფხვრელად მუშაობას შევუდგეთ. სპორტის სამინისტრო ამ კარგი წამოწყების გვერდით დგას. ჩვენგან სრული მხარდაჭერა გაქვთ. წარმატებებს გისურვებთ” – აღნიშნა სპორტის მინისტრის მოადგილემ.
შოთა ხაბარელმა განაცხადა, რომ ახალი პროექტის განხორციელებით უკვე დოკუმენტალურად დადასტურებული ინფორმაცია გაჩნდება იმ დეტალებისა, რომლებზეც აქამდე მხოლოდ ზეპირად საუბრობდნენ. ასაკობრივი ნაკრების მთავარმა მწვრთნელებმა კი რეგიონებში მდგომარეობის გაუმჯობესების შედეგად ნაკრებებში შიდა კონკურენციის გაზრდაზე გაამახვილეს ყურადღება.

ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094558