ძიუდო

10:39 | 2.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოისტები ტოკიოში გაუშინაურდებიან

გამთენიას, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები იაპონიაში გაემგზავრა. 9-13 სექტემბერს, ტოკიო მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს და მასში მონაწილეობას 15 ქართველი მიიღებს. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, ამიერიდან, მსოფლიოსა და ევროპის პირველობებზე ჩასულ ნაკრებებს ტატამზე 2 შემადგენლობის გაყვანის უფლება ექნებათ. საქართველოს ნაკრებმა ეს კვოტა ბოლომდე შეავსო, თუ არ ჩავთვლით აბსოლუტურ წონით კატეგორიას, სადაც მთავარმა მწვრთნელმა ამირან ტოტიკაშვილმა მხოლოდ ერთი სპორტსმენი – ალექსანდრე მსხალაძე შეიყვანა განაცხადში.
ქართულმა გუნდმა ბოლო შეკრება თბილისში მოაწყო. დასკვნით ერთკვირიან მზადებას კი უშუალოდ ტოკიოში გაივლის. ასეთი თადარიგის დაჭერა ძიუდოისტებს აკლიმატიზაციის პრობლემასაც მოუხსნის.
ხუთდღიანი ტურნირის პირველ დღეს – 9 სექტემბერს მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან და საქართველოს სახელით ირაკლი ცირეკიძე, ლევან ჟორჟოლიანი (ორივე 100 კგ), ლაშა გუჯეჯიანი და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) იჭიდავებენ. 10-ში მედლები 81 და 90 კილოგრამებში გათამაშდება და კიმონოს ლევან წიკლაური, გიორგი შინჯიკაშვილი (ორივე 81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი და მინდია ბოდაველი (90 კგ) მოირგებენ. 11 სექტემბერს საქმეში ზაზა კედელაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ) ჩაერთვებიან, ხოლო დავით ასუმბანი, ამირან პაპინაშვილი (60 კგ), მინდია ხომიზური და შალვა ქარდავა (66 კგ) ტატამზე 12-ში გავლენ. ჩემპიონატის დასკვნითი დღე აბსოლუტურ წონით კატეგორიას დაეთმობა და წინასწარი ინფორმაციით, აქაც 2 ქართველი იბრძოლებს. ალექსანდრე მსხალაძეს 100 და +100 კილოგრამის ინდივიდუალურ პირველობაზე ნაჭიდავები ოთხეულიდან ერთ-ერთი შეუწყვილდება.
ამირან ტოტიკაშვილის განცხადებით, ჩემპიონატის კენჭისყრისას მხოლოდ სპორტსმენთა რეიტინგებს გაითვალისწინებენ და ბადეებს 16 საუკეთესორეიტინგიანის გადანაწილების შემდეგღა შეავსებენ. აქედან გამომდინარე, სავსებით შესაძლებელია, ქართველები საწყის ეტაპზევე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092697