ძიუდო

21:31 | 22.08.2010 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოისტები ოლიმპიურ სამეულს ვერ შეწვდნენ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა ბექა ტუღუშმა (66 კგ) და სოფიო ბერიძემ (63 კგ) სინგაპურში მიმდინარე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები უმედლოდ ჩაამთავრეს. წესდების თანახმად, ძიუდოში ვაჟთა და გოგონათა შორის მხოლოდ ოთხ-ოთხ წონით კატეგორიაში თამაშდება მედლები. საქართველოსთვის კი ორივე სქესის ოდენ თითო მონაწილეზე იყო ქვოტა დაშვებული.
შედარებით შედეგიანად, როგორც მოსალოდნელი იყო, ტუღუშმა იჭიდავა - კვარცხლბეკამდე ერთადერთი გამარჯვება დააკლდა. ოქრო-ვერცხლს იგი პირველივე წრიდან დაემშვიდობა, ყაზახ კაირატ აგიბაევთან მესამე წუთზე წაგებით. ეს ძიუდოისტები ერთმანეთს დაახლოებით ორ საათში კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ, ოღონდ უკვე რეპეშაჟში და ბექა ტუღუშმა ვაზარით აიღო რევანში. იქამდე, დამამშვიდებელ ეტაპზე ქართველმა სპორტსმენმა ბრაზილიელი მატეუს მარსია მაჩადო და ლიხტენშტაინელი პატრიკ მარხერი იპონებით ჩამოიცილა. აგიბაევის შემდეგ კი რუმინელი იოან ვისანი სულაც 19 წამში გააკრა ტატამს და რეპეშაჟის ფინალში ჭიდაობა გაინაღდა. სომეხ დავიდ გაზარიანთან დამატებით დროში, იუკოთი წააგო და საბოლოოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა. გაზარიანთან ერთად ბრინჯაოს მედალს დანიის სახელით მოჭიდავე პუკ კაი დაეუფლა. ჩემპიონი კი ამერიკელი მაქსიმილიან შნაიდერი გახდა. ფინალში მან ჩრდილოკორეელ სონგ-ჩოლ ჰიონს სძლია.
სოფიო ბერიძეს კენჭისყრამ პირდაპირ მერვედფინალით დააწყებინა, სადაც კამერუნელ სოფინა ნტუი აიუკ ოტაი არეის დაეჭიდა და 56 წამში იპონით სძლია. მეოთხედფინალში კი მომავალ ფინალისტთან, ბრაზილიელ ფლავია გომეშთან მეოთხე წუთზე დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო. ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად ზედიზედ სამი მოგება სჭირდებოდა, მაგრამ პირველსავე მეტოქესთან – ლიბანელ კარენ ჩამასთან მხოლოდ 49 გაძლო.
მედლების ბოლო-ორ კომპლექტს ხვალ მძიმეწონოსანი გოგონები და ვაჟები გაითამაშებენ.
შეგახსენებთ, სინგაპურში ქართული დელეგაცია ხუთი სპორტსმენით ჩავიდა და უკვე ხუთივემ დაასრულა გამოსვლა. თუმცა ძიუდოისტებს ერთი შანსი კიდევ მიეცემათ – 25 აგვისტოს მედლები გუნდურ ჩათვლაში გათამაშდება და მონაწილე ნაკრებები შერეული წყვილებით იჭიდავებენ. ჯერჯერობით კი ყველაზე შედეგიანი ქართველ სპორტსმენთაგან თავისუფალი სტილით მოჭიდავე ირაკლი მოსიძეა (63 კგ). მან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ასევე თავისუფალი სტილის წარმომადგენელი გენო პეტრიაშვილი (100 კგ) ტუღუშის მსგავსად, მეხუთე ადგილზე გავიდა.

ოთარ მაღლაკელიძე

სინგაპური
ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები
ძიუდო. 21-22 აგვისტო


ვაჟები
55 კგ

1 დავიდ პულკრაბეკი (ჩეხეთი)
2 მანსურხუჯა მუმინხუჯაევი (უზბეკეთი)
3 დმიტრო ატანოვი (უკრაინა)
3 პედრო რივადულა (ესპანეთი)

66 კგ
1 მაქსიმილიან შნაიდერი (აშშ)
2 სონგ-ჩოლ ჰიონი (ჩრდილოეთ კორეა)
3 პუკ კაი (დანია)
3 დავიდ გაზარიანი (სომხეთი)
5 ბექა ტუღუში (საქართველო)

81 კგ
1 ჯაე-იუნ ლი (სამხრეთ კორეა)
2 ხასან ხალმურზაევი (რუსეთი)
3 არპად სზაკაცი (სლოვაკეთი)
3 კრიშტიან ტოთი (უნგრეთი)

გოგონები
44 კგ

1 სეუკ ბი ბაე (სამხრეთ კორეა)
2 ბარბარა ბატიზი (უნგრეთი)
3 სოთეა სამი (კამერუნი)
3 ვიტა ვალნოვა (ბელარუსი)

52 კგ
1 კატელინ ბუისუ (აშშ)
2 ანა დმიტრიევა (რუსეთი)
3 კრისტინ ჰუკი (ავსტრია)
3 უნ-იუ რი (ჩრდილოეთ კორეა)

63 კგ
1 მიკუ ტაშირო (იაპონია)
2 ფლავია გომეში (ბრაზილია)
3 ბარბარა მატიჩი (ხორვატია)
3 ლაურა ნაგინსკაიტე (ლიტვა)
9 სოფიო ბერიძე (საქართველო

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094987