საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ დასკვნით ეტაპზე გადავიდა. დღეს, მთავარი მწვრთნელი ამირან ტოტიკაშვილი, გაფართოვებულ შემადგენლობასთან ერთად ბაკურიანში გაემგზავრა. შეკრება, ძირითადად, ფიზმომზადებას დაეთმობა და 25 ივლისამდე გაგრძელდება. თბილისში დაბრუნებამდე 5 დღით ადრე, ტოტიკაშვილი იმ 15 რჩეულს დაასახელებს, რომლებიც მსოფლიოს პირველობაზე იჭიდავებენ. სწორედ ამ განაცხადში შეყვანილ ძიუდოისტებს იახლებს მწვრთნელი 26-31 ივლისს ბელარუსში, სტაიკების ცნობილ ბაზაზე ერთობლივი წვრთნების გასავლელად.
ბელარუსიდან ნაკრები 1 აგვისტოს დაბრუნდება და 5-ში, უკვე გაფართოვებული შემადგენლობით ბორჯომში შეიკრიბება. დასკვნით 10-დღიან შეკრებას კი, თბილისში გაივლის. მსოფლიოს ჩემპიონატს ტოკიო 9-13 სექტემბერს უმასპინძლებს. ქართული დელეგაცია კი, იაპონიაში 2 სექტემბერს ჩავა.
ოთარ მაღლაკელიძე







