სხვა

15:32 | 24.12.2010 | ნანახია [] - ჯერ

ძალოსნებმა ერთხმად გადაწყვიტეს

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციას 2014 წლის ბოლომდე კვლავ დავით ბეჟუაშვილი უთავკაცებს. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში დღეს ჩატარებულ საანგარიშო საარჩევნო ყრილობაზე ძალოსნებმა პრეზიდენტს, რომელიც 9 წელია ამ თანამდებობაზეა, ნდობა ერთხმად გამოუცხადეს.
ყრილობის დღის წესრიგის პირველი საკითხი 2010 წლის წარმატებული სპორტსმენებისა და მწვრთნელების დაჯილდოვება იყო. საპატიო სიგელები და ფულადი ჯილდოები ასაკობრივი ნაკრებების ევროპირველობის ჩემპიონ-პრიზიორებს: ლაშა ტალახაძეს, გიორგი ლომთაძეს, ვილიამინ ალექსიძეს, შოთა მიშველაძეს, დავით გოგიას, რაულ ცირეკიძესა და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონსა და რეკორდსმენს, ირაკლი თურმანიძეს გადასცეს. მწვრთნელთაგან ავთანდილ გახოკიძე, გია ცირეკიძე, ზურაბ ანთაური, მალხაზ ლომთაძე, გურამ ფარულავა და შოთა ბუაძე დაჯილდოვდნენ. წლის საუკეთესო სპორტსმენად კი გია მაჭავარიანი დასახელდა.
2007-2010 წლის შემაჯამებელი ანგარიში დამსწრეთ ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, რამაზ გურგენიძემ წაუკითხა. თან ისე დეტალურად, რომ მოხსენების დასრულებას საათზე მეტი დასჭირდა. გურგენიძის შემდეგ სიტყვით ვიცე-პრეზიდენტი, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი გიორგი ასანიძე გამოვიდა და ბეჟუაშვილის პრეზიდენტობის პერიოდი მანაც დადებითად შეაფასა. პრეზიდენტს სრული ნდობა გამოუცხადა მწვრთნელმა ვანო გრიქუროვმაც, რომელიც მომავალი წლიდან საქართველოს ნაკრებს ისევ ჩაუდგება სათავეში.
დღის წესრიგის უმთავრესი საკითხი – საპრეზიდენტო არჩევნები ნახევარ წუთში მოგვარდა. ყრილობაზე მყოფმა 55-მა დელეგატმა ერთადერთი კანდიდატის თანამდებობაზე დარჩენას ღია კენჭისყრის წესით, ერთხმად დაუჭირა მხარი.
“ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტობა ჩემთვის დიდი პატივია. მართლა ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ამხელა ნდობას გიცხადებენ. წლების განმავლობაში სპორტის ამ სახეობის წინსვლისთვის ძალიან ბევრი გაკეთდა. გაუმჯობესდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რაც ჩვენს სპორტსმენებს საშუალებას აძლევს, უფრო აქტიურად ჩაერთონ საქმეში და თავიანთი შესაძლებლობები უკეთ გამოავლინონ. ამ ბიჭებისთვის დამატებითი სტიმული იქნება საქართველოში უმაღლესი დონის სპეციალისტების, ვანო გრიქუროვისა და კახი კახიაშვილის დაბრუნება. გეგმაზომიერი მუშაობით წინსვლა სამომავლოდაც გაგრძელდება. წინ ლონდონის ოლიმპიური თამაშების მოსამზადებელი პერიოდია და გეგმის მიხედვით, 3 ლიცენზია უნდა მოვიპოვოთ” – განაცხადა დავით ბეჟუაშვილმა და იქვე დელეგატებს, ფედერაციის გამგეობის ახალი შემადგენლობის კანდიდატთა სია წარუდგინა. დარბაზი ამ შემთხვევაშიც ერთსულოვანი იყო.
ორ ვიცე-პრეზიდენტსა და გენერალურ მდივანს ბეჟუაშვილი უახლოეს მომავალში დაასახელებს, თუმც ერთი რამ აქედანვე გადაწყვეტილია, ერთი ვიცე-პრეზიდენტი კახი კახიაშვილი იქნება.

ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169566