სამხრეთ კორეის ქალაქ გოიანში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, მამაკაცთა შორის 8 წონითი კატეგორიიდან 3-ში - 56, 62 და 69 კილოგრამებში, უკვე ჩემპიონ-პრიზიორები გამოვლინდნენ. საქართველოს ნაკრების წევრები კი საქმეში ჯერ არ ჩართულან. ალეკო ნოზაძის გუნდი, სამხრეთ კორეაში ორიოდ დღის წინ ჩავიდა. თეიმურაზ გოგია (94 კგ), ალბერტ კუზილოვი, გია მაჭავარიანი (ორივე 105 კგ) და ირაკლი თურმანიძე (+105 კგ) ჩემპიონატში ბოლო დღეებში ჩაერთვებიან.
პირველ სამ წონაში, ყველაზე შედეგიანად შტანგა ჩინელმა ძალოსნებმა ასწიეს. კვარცხლბეკზე ასული 9 სპორტსმენიდან 5, სწორედ ამ ქვეყნის დროშის ქვეშ გამოდიოდა და რაც მთავარია, სამივე წონით კატეგორიაში ოქროს მედალს ჩინელი დაეუფლა. ამრიგად, გუნდურ ჩათვლაში გამარჯვებული ნაკრების შესახებ პროგნოზის გაკეთება აქედანვე ადვილია.
56 კილოგრამში, ყველას პეკინის ოლიმპიური თამაშების ოქროსმედალოსანმა ქინქუან ლონგმა აჯობა. პირველი მოძრაობის – ატაცის შემდეგ, იგი მეორე ადგილზე იყო, აკვრაში კი კონკურენტებს ერთი თავით აჯობა. 62 კილოგრამში, მომავალმა ჩემპიონმა ჩიანჩუნ დინმა პირიქით, ატაცში მოიპოვა იმხელა უპირატესობა, რომ ოქროს მედალი თითქმის გაინაღდა. უმთავრეს კონკურენტს – ინდონეზიელ ირავან ეკო იულს 6 კილოგრამით გაუსწრო, აკვრაში კი 5 კილოგრამით ჩამორჩა. კიდევ ერთმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა (პეკინი 2008) ჰი ლიაომ, სულაც ორივე მოძრაობაში იოლად მოუგო ძირითად კონკურენტებს – სომეხ არაქელ მირზოიანსა და ინდონეზიელ ჯაბი ტრიიატნოს, რომელთაც ორჭიდის ჯამში 12 და 16 კგ-თი გაუსწრო.
24 ნოემბერს მედლები 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში გათამაშდება, ქართველები კი ფიცარნაგზე 27 ნოემბრიდან გავლენ. ამ დღეს, შტანგას თეიმურაზ გოგია ასწევს, ხოლო კუზილოვის, მაჭავარიანისა და თურმანიძის წონებში, ჩემპიონ-პრიზიორები მსოფლიოს პირველობის დასკვნით დღეს, 29 ნოემბერს გამოვლინდებიან.
ოთარ მაღლაკელიძე
ძალოსნობა.
კაცები
56 კგ
1 ქინქუან ლონგი (ჩინეთი) – 292 კგ (130+162)
2 ჟინგბიაო ვუ (ჩინეთი) – 286 კგ (131+155)
3 სერხიო ალვარესი (კუბა) – 274 კგ (120+154)
62 კგ
1 ჩიანჩუნ დინი (ჩინეთი) – 316 კგ (146+170)
2 ირავან ეკო იული (ინდონეზია) – 315 კგ (140+175)
3 ფან იანი (ჩინეთი) – 314 კგ (144+170)
69 კგ
1 ჰი ლიაო (ჩინეთი) – 346 კგ (160+186)
2 არაქელ მირზოიანი (სომხეთი) – 334 კგ (154+180)
3 ჯაბი ტრიიატნო (ინდონეზია) – 330 კგ (150+180)







