ფეხბურთი

15:33 | 1.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ძალამიძის რეაბილიტაცია

პოლონური ინტერნეტგამოცემა sport.pl-ი იუწყება, რომ “იაგელონიას” ქართველმა ფეხბურთელმა ნიკა ძალამიძემ ექსტრაკლასას განვლილ ტურში პოზნანის “ლეხთან” გამარჯვებაში (2:0) მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

გამოცემის ინფორმაციით, ზაბჟეს “გურნიკთან” 24 წუთში 2 ყვითელი ბარათის მიღების შემდეგ (რის გამოც, ძალამიძე გააძევეს) 21 წლის ფეხბურთელმა რეაბილიტაცია “ლეხთან” შეხვედრაში მოახერხა. განვლილი მატჩის 21 წუთზე, ესპანელმა დანი კინტანამ ანგარიში სწორედ ძალამიძის გადაცემის შემდეგ გახსნა. იმ ეპიზოდში ქართველმა თანაგუნდელი მეტოქის მეკარეს პირისპირ შეატოვა.

“ეს ჩემს მიერ მიღებული პირველი წითელი ბარათი იყო, რომელიც წესით არ უნდა მიმეღო, რადგან იმ მატჩში პირველ ყვითელ ბარათს არ ვიმსახურებდი. “ლეხთან” უფრო მეტის გაკეთება მინდოდა, ვიდრე წინა მატჩებში და ვფიქრობ, კარგად გამოვიყურებოდი. გუნდმაც კარგად ითამაშა და მთავარია, რომ ბიალისტოკში სამი ქულა ავიღეთ” – განაცხადა ძალამიძემ sport.pl-სთან საუბარში.

 “ძალიან კარგი მატჩი გამოვიდა ჩვენი შესრულებით და ისე ვთამაშობდით, როგორც გვსურდა. პირველ ტაიმში უკეთ გამოვიყურებოდით, ხოლო მეორეში უკვე კონტრშეტევაზე ვთამაშობდით, რაც ნორმალურია, როდესაც 1:0 იგებ. “ლეხი” გვიტევდა და საკუთარ შანსს კონტრშეტევაზე ველოდებოდით. ყველაზე მთავარია, რომ კარგი შედეგი ვაჩვენეთ” – თქვა ძალამიძემ, რომელიც ძირითადი დროის დასრულებამდე 20 წუთით ადრე შეცვალეს.

 “დავიღალე. რადგან 90 წუთი სათამაშოდ ჯერ მზად არ ვარ. ისე ვთამაშობდი როგორც შემიძლია, მაგრამ ოპტიმალური ფორმიდან ჯერ შორს ვარ, ვინაიდან ტრავმამ ბევრი დრო დამაკარგვინა. ვარჯიშებზე ბევრს ვმუშაობ და ვფიქრობ, რაც უფრო მეტ მატჩს ჩავატარებ, ფორმაში უფრო სწარაფად შევალ” – აღნიშნა “იაგელონიას” ნახევარმცველმა.


 

0.115675