პოლონეთის საფეხბურთო ექსტრაკლასას (უმაღლესი ლიგა) მე-3 ტურში, ბიალისტოკის “იაგიელონიამ”, რომლის ღირსებასაც ნიკა ძალამიძე იცავს, შინ კრაკოვის “კრაკოვიას” 2:1 აჯობა. ქართველი შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 74-ე წუთზე შეცვალეს. “კრაკოვიას” 7 ქულა აქვს და 16-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.
ლატვიის ვირსლიგის (უმაღლესი ლიგა) 23-ე ტურში, რიგის “სკონტომ”, რომელსაც თამაზ პერტია წვრთნის, თავის მოედანზე დაუგავპილსის “დაუგავას” 1:0 აჯობა.
ლაშა დვალმა და ირაკლი კლიმიაშვილმა გამარჯვებულთა რიგებში შეუცვლელად ითამაშეს. “დაუგავაში” ბიძინა ცინცაძემ ორი ტაიმი იასპარეზა, ხოლო გიორგი ჩიხრაძე, გიორგი ხუმარაშვილი და ჯემალ ჯალიაშვილი არ გამოჩენილან. “სკონტო” 55 ქულით 10 გუნდში პირველ ადგილზეა. დაუგავპილსელები 41 ქულით მე-3 პოზიციაზე იმყოფებიან.
ესტონეთის მეისტრილიგის (უმაღლესი ლიგა) 22-ე ტურში, იოხვის “ლოკომოტივმა” სტუმრად ტალინის “ინფონეტთან” 1:10 წააგო. ლაშა ნავერიანმა დამარცხებულებში 90 წუთი ითამაშა. მის მსგავსად უკრაინული პასპორტის მქონე კონსტანტინე ალანიაც არ შეუცვლიათ, რომელმაც “ლოკომოტივის” რიგებში ერთადერთი გოლი გაიტანა. “ლოკომოტივი” 5 ქულით 10 გუნდში ბოლოა.