ბლოგი

14:36 | 13.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ძალადობის გამართლება ფეხბურთის სახელით

ქუთაისში ჩხუბი იყო, უფრო ზუსტად - ცემა-ტყეპა, რადგან ჩემს თაობას ჩხუბი ცოტა სხვანაირად ესმის. ამის მერე იყო მსჯელობები, განხილვები, ამბის წაღმა-უკუღმა გარჩევა. სხვადასხვა ტელეარხებზე დასხდნენ სხვადასხვა ზომა-წონის “საფეხბურთო ექსპერტები” და ერთხმად მოჰყვნენ გულში მჯიღის ცემას და ოხვრა-კვნესას, რაც აქამდე არაერთხელ გვინახავს და ღმერთმა დიდხანს გვაცოცხლოს და ალბათ კიდევ არაერთხელ ვნახავთ.

განსაკუთრებით გულისშემძვრელი ვაება ზოგიერთ ჩვენს კოლეგას აღმოხდა, რომლებმაც კიდევ ერთხელ ისაუბრეს უკვე ათასგზის გადაღეჭილი ფრაზებით: “ქართული ფეხბურთი უფსკრულშია”, “ადრე ლაღ ფეხბურთს ვთამაშობდით”, “თუნდაც წავაგოთ, ოღონდ ლამაზი ფეხბურთი ვითამაშოთ”, “ადრე ხალხს სტადიონზე მისვლა უხაროდა”, “ფეხბურთს ფული წავართვათ და რაგბის მივცეთ” და მისთანანი...

მოკლედ, ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც ადრე იყო და სამწუხაროდ ოდნავადაც კი ვერ წავიწიეთ წინ. იმ დროს, როდესაც თბილისის “დინამოს” ქომაგები საქართველოს საპარლამენტო ქალაქში მიყენებულ იარებს იშუშებენ, ქუთაისელთა მთავარი მწვრთნელი, რეზო ძოძუაშვილი ამბობს, რომ მის მიერ გაწვრთნილი კლუბი არ იმსახურებდა დიდ ფინანსურ სასჯელს და ამ თანხის გადახდამ შესაძლებელია ქუთაისური კლუბის განადგურება გამოიწვიოს. ეს რომ მინიმუმ უპასუხისმგებლო განცხადებაა, ალბათ არ უნდა ამას ბევრი საუბარი, მაგრამ გასაოცარია, აქეთ რატომ გვედავებიან და გვამუნათებენ ის ხალხი, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ვალდებულნი, რომ ქუთაისის სტადიონზე მომხდარი პირველყოფილური ყიჟინა აღეკვეთათ და კაცმა რომ თქვას, იმ მოძალადე თინეიჯერებს კაი გვარიანი ჭიტლაყიც არ აწყენდათ. ძოძუაშვილი კი სადისციპლინო კომიტეტის სანქციებზე სწუხს და ლამისაა ჩვენც მასთან ერთად აგვაცრემლოს “ჩაგრული” “ტორპედოს” ხსენებისას.

ყველაზე მეტად მაინც ეს სიტყვები მიღებს ბოლოს: “ასეთი ჯარიმით, ქუთაისში ფეხბურთი მოკვდება”... ჩვენ რას გვამუნათებთ თქვე კაი ხალხო. თქვენს ქალაქში შიზოფრენიკები მოწინააღმდეგეებს უბრახუნებდნენ და ისევ ჩვენ უნდა გავუგოთ მოძალადეებს? იქნებ ამ შეხვედრის წინ გამოგეჩინათ ფხა და მონდომება და უსაფრთხოების ნორმები მინიმალურად მაინც უზრუნველგეყოთ. ან ის რა ლაპარაკია  - ქუთაისში ფეხბურთი მოკვდებაო. ილია და ვაჟა ფშაველა მოკვდა და ეს მოძალადეების გამო დასჯილი კლუბი რა გახდა ისეთი, მთელმა ერმა მის “ქელეხში” სახეები რომ უნდა დავიხოკოთ?!

ჩვენი დიდი პატივისცემა და ჩახუტება ყველა იმ დიდ ფეხბურთელსა და დიდ მწვრთნელს, რომლებიც ქუთაისიდან წაადგნენ ქართულ ფეხბურთს, მაგრამ განა ნებისმიერი სახის ძალადობა შეიძლება “გავაპრავოთ” თუნდაც დიდი საფეხბურთო ტრადიციებით? ღმერთმა ნუ ქნას და თუკი ქართველი დისციპლინარების მიერ დაწესებული სანქციები “ტორპედოს” აღასრულის მიზეზი გახდება, ეს უპირველეს ყოვლისა მოძალადე ფსევდოქომაგებისა და ქუთაისური კლუბის ხელმძღვანელობის ბრალი იქნება და კარგს იზამენ ჩვენ თუ არ გაგვრევენ ამ საქმეში.

ყველა ქართული კლუბი ჩვენთვის თანაბრად ფასეულია და არც ერთი გუნდი არ გვემეტება დაჩაჩანაკებისათვის, მაგრამ თუკი ტურინის “იუვენტუსის” დასჯა და რანგით მეორე ლიგაში გასტუმრებაა შესაძლებელი, განა რა გახდა ეს ჩვენი ფეხბურთი ასეთი, რომ ყველას მუდმივად ხელი უნდა ვაფაროთ და ცხარე ცრემლი უნდა ვაღვარღვაროთ. ნამეტანი ბოდიში მომითხოვია, მაგრამ არა მგონია ქუთაისის “ტორპედოს” იმაზე მეტი ქონდეს გაკეთებული ქართული ფეხბურთისათვის, რაც ხსენებულ ტურინულ კლუბს იტალიური ფეხბურთისთვის გაუკეთებია, მაგრამ იტალიის საზოგადოება შეჯერდა ერთ ჭეშმარიტებაზე – დამნაშავე უნდა დაისაჯოს!

ბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა გადავიდე ”ალავერდს” ქართულ ფეხბურთზე დარდით თვალებამოღამებულ “ექსპერტებთან” და ამ ადამიანებს შევახსენო, რომ ყველას ყელში ამოგვივიდა მათი მუდმივი ლაყაფი “ქართული ფეხბურთის დაქცევასთან და ლაღ ფეხბურთთან” დაკავშირებით და კარგი იქნება, უსაგნო მიდებ-მოდებების ნაცვლად, თუნდაც იგივე ქუთაისის “ტორპედოს” ხუთი ფეხბურთელის გვარს მაინც თუ დაიმახსოვრებენ. ეროვნულ ჩემპიონატებზე რომ არ დადიან, (აბა ჩვენი ჩემპიონატი ხომ არ ეკადრება მათ ესოდენ ფაქიზ საფეხბურთო გემოვნებას?...) ეს ისედაც ვიცით... 

0.116445