ნორვეგიის ქალაქ ტრომსოში მიმდინარე 41-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე დღეს დასვენებაა და მთავარი მოვლენა 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მასპინძლის არჩევა იქნება. შეგახსენებთ, რომ ამ პატივს ბათუმს სამხრეთაფრიკული კეიპტაუნი ეცილება.
უშუალოდ, ოლმპიადის გამარჯვებულთა ვინაობა კი 14 აგვისტოს გაირკვევა, როდესაც უკანასკნელი მე-11 ტურის პარტიები ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ საპრიზო სამეულში გასვლის შანსი აქვს საქართველოს ქალთა ნაკრებს.
ქართველ ქალებს 15 ქულა გააჩნიათ და დამატებითი მაჩვენებლებით მეხუთენი არიან. ტურნირის ლიდერი რუსეთია 18 ქულით, ჩინელები და უკრაინელები 17-17 ქულით მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ, გერმანია კი 16 ქულით მეოთხე ადგილზეა. დასკვნით ტურში საქართველო გერმანიას ეთამაშება, რუსეთი – ბულგარეთს, უკრაინა კი – ჩინეთს.
თუკი ქართველთა ინდივიდუალურ მაჩვენებლებზე ვისაუბრებთ, გამოსარჩევია ნაკრების ლიდერის ნანა ძაგნიძის ფანტასტიური შედეგი. მას 9-დან 8 ქულა აქვს, რაც ოლიმპიადის მონაწილე ქალთა შორის საუკეთესო პერფომანს-მაჩვენებელია. კარგად თამაშობს ბელა ხოტენაშვილიც, რომელსაც 9 ტურში 7 ქულა აქვს აღებული.
გაცილებით ცუდი მდგომარეობაა ვაჟთა ნაკრებში, რომელიც 12 ქულით 44-ე ადგილამდე დაქვეითდა, არადა, განთესვით 21-ეა. ვაჟებში ჩემპიონობის საუკეთესო შანსი ჩინეთს გააჩნია, რომელსაც 17 ქულა მოუგროვდა, უნგრეთს 16 ქულა აქვს, შემდეგ კი საფრანგეთი, უკრაინა, რუსეთი, აშშ, უზბეკეთი, ინდოეთი, აზერბაიჯანი და პოლონეთი მოდიან 15-15 ქულით.
უკანასკნელ ტურში ქართველი მოჭადრაკეები სლოვენიას გაეჯიბრებიან, პოლონეთი ჩინეთს ეთამაშება, უნგრეთი – უკრაინას, რუსეთი – საფრანგეთს, აზერბაიჯანი – აშშ-ს, ინდოეთი კი – უზბეკეთს.
ქართველ ვაჟთაგან უკეთესი შედეგი – 9-დან 6.5 ქულა ლევან ფანცულაიას აქვს, გუნდის ლიდერმა ბაადურ ჯობავამ კი 9 პარტიაში 5.5 ქულა მიითვალა.
ქართველ მონაწილეთა ტექნიკური შედეგები:
ქალთა გუნდი:
ძაგნიძე – 8 (9)
ხოტენაშვილი – 7 (9)
ჯავახიშვილი – 3.5 (6)
მელია – 5 (9)
ბაციაშვილი – 4,5 (7)
ვაჟები:
ჯობავა – 5.5 (9)
მჭედლიშვილი – 3.5 (8)
ფანცულაია – 6.5 (9)
ნიგალიძე – 4.5 (8)
შანავა – 2.5 (6)