ფეხბურთი

12:10 | 15.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

დვალიშვილისთვის ექსტრაკლასა უიღბლოდ განახლდა

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების თავდამსხმელ ლადო დვალიშვილისთვის პოლონეთის ექსტრაკლასა (უმაღლესი ლიგა) უიღბლოდ განახლდა.

22-ე ტურში, “კორონასთან” საშინაო მატჩში, ვარშავის “ლეგიას” ლეგიონერი 53-ე წუთზე გააძევეს, როდესაც ანგარიში 0:0 იყო. “ლეგიას” ვებგვერდის თანახმად, დვალიშვილი უბურთოდ მყოფ მეტოქეს ეუხეშა და მსაჯმა წითელი ბარათი აჩვენა. საბოლოოდ, ვარშაველებმა 1:0 მოიგეს და გამარჯვების გოლი 82-ე წუთზე ივიცა ვრდოლჟაკმა გაიტანა. “ლეგია” 16-გუნდიან ექსტრაკლასას 46 ქულით ლიდერობს.

ხორვატიის ნაციონალური ლიგის 22-ე ტურში სპლიტის “ჰაიდუკმა” თავის მოედანზე “დრაგოვოლიაცს” 2:1 აჯობა. გიორგი ილურიძეს, რომელიც შეკრებაზე დაშავდა, სპლიტელებში არ უთამაშია. “ჰაიდუკმა” 44 ქულა დააგროვა და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორეა.

გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის 21-ე ტურში, დიუსელდორფის “ფორტუნამ” ბერლინის “უნიონი” მიიღო და მატჩი 1:1 დასრულდა. ლევან ყენია ბერლინელთა 18-კაციან განაცხადში არ იყო. ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა ტრავმის მოშუშების მერე  გუნდთან ერთად მოსამზადებელი პერიოდი გაიარა, მაგრამ სჩანს, მწვრთნელი თვლის, რომ ჯერ სათამაშოდ მზად არაა. “ფორტუნას” 27 ქულა აქვს და 18 გუნდში მეათეა.

ფინეთის ლიგის თასზე ტურკუს “ინტერმა” “მარიეჰამნს” უმასპინძლა და 2:1 გაიმარჯვა. ირაკლი სირბილაძემ ტურკუელთა შორის 90 წუთი ითამაშა. “ინტერი” A ჯგუფში ასპარეზობს და 9 ქულით ლიდერობს.

 

0.153305