ფეხბურთი

17:10 | 4.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

დვალიშვილის ზედიზედ მეოთხე, კაჭარავას ფინტები

 

ლადო დვალიშვილმა ზედიზედ მეოთხე მატჩში გაიტანა გოლი: ამჯერად ექსტრაკლასაში, მესამე ტურში "ლეგია"_"პოდბესკიძიეს" შეხვედრაში, რომელიც ვარშაველებმა 4:0 მოიგეს. ქართველი ფორვარდი 65-ე წუთზე შევიდა მინდორზე და იმწუთსვე პენალტით შეაგდო, რითაც 4:0 გახდა ანგარიში. ლადოს გუნდს 3 ტურში 9 ქულა აქვს და ცხრილს ლიდერობს.

დანიის სუპერლიგის მესამე ტურში "ორჰუსმა" შინ 2:1 აჯობა "ნორდშელანდს" და 6 ქულა დააგროვა. დავით სხირტლაძე 76-ე წუთზე შემოვიდა მინდორზე, ხოლო დავით დევდარიანი - 81-ეზე.

დაიწყო სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატი, სადაც მეოთხე სეზონს ატარებს გიორგი ნერგაძე. ქართველი ნახევარმცველი "პრეტორიასთან" მატჩში "მოროკა სვოლოუსის" სასტარტო შემადგენლობაში იყო და 56-ე წუთზე შეცვალეს. ნერგაძის გუნდმა ბოლო წუთზე გატანილი გოლის წყალობით მოიგო - 1:0.

ყაზანის "რუბინის" დუბლებმა 2:2 ითამაშეს ცსკა-ს სარეზერვოებთან და 67-ე წუთზე ნიკა კაჭარავამ გაიტანა გოლი. ქართველი ფორვარდი 52-ე წუთზე შევიდა მინდორზე, გოლი კი მართლაც მშვენიერი გამოუვიდა: საჯარიმოში მცველებს ფინტებით გაუსწორდა და მეკარეს ახლოდან ზუსტად დაურტყა.

დუბლებში პირველი ტაიმი ითამაშა ყაზანელთა მველმა საბა კვირკველიამაც, რომელიც "რუბინ"_ცსკა-ს ძირითადი გუნდების შეხვედრისას (0:0) სათადარიგო გახლდათ. 

უკრაინაში "ზორიამ" შინ 2:2 ითამაშა "მეტალისტთან", არადა მე-18 წუთზე უკვე 2:0-ს იგებდა. ჯაბა ლიპარტიამ 70-ე წუთამდე ითამაშა და მეორე გოლისას ასისტენტობა სწორედ მან გასწია. "ზორიას" 4 ტურში 8 ქულა აქვს და მეოთხე პოზიციაზეა.

"დნიპრომ" ქართველების გარეშე სტუმრად 3:1 აჯობა 'ვოლინს". ჯაბა კანკავა და სანდრო კობახიძე სათადარიგონი იყვნენ, ხოლო უჩა ლობჟანიძე განაცხადს მიღმა დარჩა. კობახიძეზე გასაგებია - მწვრთნელი რამოსი არ სწყალობს, მაგრამ კანკავა ბოლო პერიოდში სულ შემადგენლობაში ჰყავდა და უცნაურია, რომ არ ათამაშა. "დნიპრო" 9 ქულით მეორე ადგილზეა.

"სევასტოპოლმა" შინ 1:0 აჯობა "ვორსკლას", თუმცა მასპინძელთა მცველი მათე ღვინიანიძე ამჯერადაც განაცხადს მიღმა იყო.

 

 

0.144