პოლონეთში “ლეგიამ” გასვლაზე 2:1 სძლია “პიასტს” და ლიდერობა გაიმყარა. გადამწყვეტი გოლი, მსაჯის მიერ დამატებულ მე-6 წუთზე ლადო დვალიშვილმა გაიტანა, რომელიც 57-ე წუთზე შევიდა მინდორზე. ქართველმა ფორვარდმა დასწრებაზე იმარჯვა და კოსეცკის პასის შემდეგ, ახლოდან გადაგზავნა ბურთი კარში. ლადომ გოლი ემოციურად აღნიშნა, რაც ფოტოდანაც ჩანს.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, პოლონეთში ვისაც არ ეზარებოდა, დვალიშვილის კრიტიკაზე იყო გადასული – პრესა, ქომაგები, “ლეგიას” ყოფილი ფეხბურთელები... ერთადერთი, მწვრთნელმა ჰენინგ ბერგმა დაიცვა ქართველი. ამიტომაც, ლადოს განსაკუთრებით გაუხარდა ეს გოლი, რითაც კრიტიკოსები გააჩუმა.
“ლეგია” 7-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს ჩემპიონატს.
დანიაში “ორჰუსმა” შინ 0:3 წააგო “ესბიერგთან” და მეექვსე ადგილზეა. ორჰუსელთა ქართველებიდან მხოლოდ მათე ვაწაძემ ითამაშა და ისიც, ბოლო 10 წუთი. დავით დევდარიანი და დავით სხირტლაძე განაცხადში არ იყვნენ.
რუმინეთში “ჩფრ კლუჟმა” დერბი წააგო “უნივერსიტატეა კლუჟთან” – 1:2. დამარცხებულთა შორის გიორგი ჭანტურიამ ბოლო 18 წუთი ითამაშა და გაფრთხილებაც მიიღო. ჭანტურიას გასულ კვირაში რამდენიმე ვარჯიში გაუცდა ფეხის ტკივილის გამო და ალბათ, ამიტომაც დაუთმეს მცირე დრო. “ჩფრ კლუჟი” მეათე ადგილზეა.