ლადო დვალიშვილი, რომლესაც სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატი სამჯერ მოუგია, სუპერთასს დაუფლებია და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ტურნირზე უთამაშია, ამჯერად პოლონეთის თასის მოგებაზე ოცნებობს. ამის შესახებ, მან გამოცემა gwizdek24.se.pl-სთან, პოლონეთის თასის 1/2-ფინალის საპასუხო მატჩში, ხოჟუვის “რუხთან” შესრულებული დუბლის შემდეგ ისაუბრა.
- “ლეგიაში” ჩატარებულ 11 მატჩში 7 გოლი გაიტანეთ. ბევრი საუბრობს, რომ კლუბში ნომერ პირველი თავდამსხმელი და ბოლო წლების საუკეთესო შენაძენი გახდით. რა თქმა უნდა, ამის მოსმენა გსიამოვნებთ?
- ეს კარგია, მაგრამ ეიფორიაში არ ვარ, რადგან “ლეგიასთან” ერთად ჯერ არაფერი მომიგია. თუმცა, ყოველ მატჩში ვრწმუნდები, რომ კლუბის არჩევაში არ შევმცდარვარ. ვიცი, რომ ნებისმიერი გუნდი აქცენტს ჩემპიონატზე აკეთებს და თასს ნაკლებ ყურადღებას უთმობს. მე თასი არასოდეს მომიგია. ისრაელის თასის ფინალში ვითამაშე, მაგრამ ჰაიფას “მაკაბი”, რომელშიც გამოვდიოდა თელ-ავივის “ჰაპოელთან” 0;1 დამარცხდა. კარგი იქნება თუ პოლონეთის თასს მოვიგებ.
- “რუხთან” მატჩის შემდეგ, მოწინააღმდეგემ განაცხადა, რომ მსაჯები “ლეგიას” ეხმარებოდნენ...
- ჩემი აზრით, მსაჯების შეცდომაზე ძალიან ბევრს საუბრობენ. ჩვენ არ ვჩივით, როდესაც მსაჯები ჩვენ წინააღმდეგ ცდებიან. თუმცა, ზოგჯერ სხვები ასეთი შეცდომების დროს ყვირიან, რომ მათ უსამართლოდ მოექცნენ.
- “ლეგიაში” ძალიან იმედისმომცემი დასაწყისი გაქვთ. ახალ გუნდში ყოველთვის ასე იწყებდით?
- საზღვარგარეთ ყოველთვის. “სკონტოში” ჩატარებულ პირველ თამაშში 3 გოლი გავიტანე. “მაკაბიში” პირველად ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ვითამაშე და მეტოქის კარი 2-ჯერ ავიღე. “პოლონიაშიც” ცდა დიდი ხანი არ მომიწია. ასევე, იყო “ლეგიაში”.
- მართალია, რომ პენალტის დარტყმა რადოვიჩს სურდა?
- არა. თამაშამდე ცნობილი არ იყო პენალტის დარტყმის დროს პრიორიტეტი ვის ჰქონდა. რადოვიჩს თუ უნდოდა, ამის შესაძლებლობა ჰქონდა. პენალტი მე დავარტყი და ამან გაამართლა. ამ დროს, მთავარია არ ინერვიულო, რაც მახასიათებს. ამ გოლით პოლონეთის თასის ფინალში გავედით და ძალიან გახარებული ვარ.