ლადო დვალიშვილი გუშინ საღამოს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გაფრინდა და დიდი შანსია, "პარტიზანს" შეუთანხმდეს პირობებზე. ამის შესახებ ლადომ თავად უთხრა "მსოფლიო სპორტს".
"ვისაუბრებთ ყველაფერზე და ამის შემდეგ გადავწყვეტ. ჯერ უცებ ვერაფერს ვიტყვი".
როგორც იცით, დვალიშვილი ვარშავის "ლეგიას" ფეხბურთელია, თუმცა მისი სხვა კლუბში გადასვლა გადაწყვეტილია. 28 წლის ქართველ ფორვარდს კვიპროსული "ომონია" და აპოელი ეპატიჟებოდნენ, ასევე იყო საუბარი პოლონურ "პოგონზეც".
"პარტიზანი" სერბეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდა და ერთი ქულით ჩამორჩა მოსისხლე "ცრვენა ზვეზდას", რომელსაც ევროტურნირებზე მონაწილეობის უფლება არ მისცეს. ასე რომ, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე სწორედ "პარტიზანი" ითამაშებს: II ეტაპზე მათი მეტოქე ფარერების "ტორსჰავნი" იქნება.