ფეხბურთი

21:20 | 29.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

დუშან უჰრინი: “თუ “სტიაუა” ერთ გოლს გაგვიტანს, ჩვენ ორს გავუტანთ”

ევროპის ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ბუქარესტის “სტიაუასთან” საშინაო მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა განაცხადა, რომ მისი გუნდი მომავალ დაპირისპირებაში აქცენტს შეტევაზე გააკეთებს.

დუშან უჰრინი: “პირველყოვლისა, კარგ თამაშს ველი. “სტიაუა” კარგი გუნდია, კარგად მომზადებული. ამ გუნდს ვიცნობ, რუმინელებიც იცნობენ ჩემს ხელწერას, რადგან 3 წელიწადი ამ ქვეყანაში ვმუშაობდი. მეტოქის მსგავსად, ჩვენც შემტევი გუნდი ვართ. სახლში ვთამაშობთ და გამარჯვებას შევეცდებით”.

პრესკონფერენციაზე მყოფმა თბილისელთა მცველმა გივი კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ “დინამო” რუმინელებთან სათამაშოდ მზადაა.

გივი კვარაცხელია: “რა დონის გუნდსაც ვეთამაშებით, ყველამ კარგად ვიცით. ეს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია ევროპაში. გასულ სეზონში ევროპის ლიგის ნახევარფინალამდე გავიდა. სათამაშოდ მზად ვართ და მოსაგებად გავალთ”.

-რას თვლით “სტიაუას” ძლიერ მხარედ? განვლილ შეხვედრაში ორი გოლი მცველების უხეში შეცდომის გამო გაუშვით და რას იღონებთ დაცვითი თამაშის გამოსასაწორებლად?

დუშან უჰრინი: “სტიაუას” დადებით მხარეზე ასე ღიად ვერ ვისაუბრებ. ეს გუნდი შესწავლილი მყავს, 90 წუთს შეტევაში ატარებს. ასევე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენც შემტევი გუნდი გვყავს. ჩვენი გუნდის დაცვა მომზადებული რომ არ იყოს, ამ ეტაპზე არ ვიქნებოდით. თუ “სტიაუა” გაგვიტანს ერთ გოლს, ჩვენ ორს გავუტანთ.

- იმ დროს, როდესაც თქვენ “ტიმოშოარაში” მუშაობდით, სამი ფეხბურთელი, რომელიც მაშინ იმ გუნდში იყო, ახლა “სტიაუაში” თამაშობს.

- ბოლო სამი წლის განმავლობაში “სტიაუაში” ბევრი რამ შეიცვალა. ამ გუნდმა წინ დიდი ნაბიჯი გადადგა. რამდენიმე ფეხბურთელი რუმინეთის ნაკრებშიც თამაშობს. თუმცა “სტიაუასა” და რუმინეთის ნაკრების თამაშის სტილი განსხვავებულია.

- ხვალინდელ მატჩში დადებითი შედეგის მისაღწევად გადამწყვეტი ფაქტორი რა იქნება?

- ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია, დაზუსტებით რომ ვიცოდე, რა იქნება გადამწყვეტი, მაშინ გეტყოდით, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ. რაც დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, მომავალ შეხვედრაში “დინამო” თავის ფეხბურთს ითამაშებს. ვეცდებით, თავი საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინოთ და შექმნილი მომენტები გამოვიყენოთ.

- “სტიაუასთან” რუმინეთში მუშაობის პერიოდში არასოდეს წაგიგიათ.

- ეს უკვე ისტორიაა. შესაბამისად შევეცდებით, არც ხვალინდელ მატჩში წავაგოთ.

- ანგარიში 0:0 დაგაკმაყოფილებთ?

- ეს თამაშის მერე მკითხეთ.

- გუნდის ახალწვეული რუმინელი ნახევარმცველი დურინ გოგა თუ ითამაშებს?

- მოხვდება თუ არა გოგა განაცხადში, ამას დღეს საღამოს გადავწყვეტ, როდესაც საბოლოოდ ჩამოვყალიბდები, მომავალ მატჩში ვინ იასპარეზებს.

...პრესკონფერენციამდე თბილისის “დინამომ” ივარჯიშა. ჟურნალისტები წვრთნის მხოლოდ საწყისს 15 წუთს დაასწრეს. დუშან უჰრინის განკარგულებაში 22 ფეხბურთელია და ყველა სრული დატვირთვით ვარჯიშობდა.

 

0.107371