დღეს თბილისის დროით, გამთენიისას გაიმართა საინტერესო ამხანაგური შეხვედრა – ფლორიდაში ერთმანეთს ბრაზილიისა და კოლუმბიის ეროვნული ნაკრებები გაეჯიბრნენ.
ნაკრებები ერთმანეთს მუნდიალის 1/4 ფინალშიც დაუპირისპირდნენ, სადაც ბრაზილია გამოვიდა გამარჯვებული (2:1). კოლუმბიელებს რევანშის აღება სურდათ, მაგრამ დაახლოებით ისევე წააგეს, როგორც ორიოდე თვის წინ...
ბრაზილიის ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებისთანავე უდიდესი ცვლილებები მოხდა. 1/2 ფინალში შერცხვენა სკოლარის არ აპატიეს და მთავარი მწვრთნელის პოსტი კარლოს დუნგას ანდეს, რომელიც 2006-2010 წლებშიც მუშაობდა ბრაზილიის ნაკრებში. 50 წლის სპეციალისტმა, მუნდიალზე ნათამაშები ბევრი ფეხბურთელი აღარ იხმო, მათ ნაცვლად კი, ნაკრებში ეს მოთამაშენი გამოიძახა: კაბრალი, მარკინიოსი, მირანდა, ფელიპე ლუისი, დანილო, ალექს სანდრო, ელიასი, გულარი, რიბეირო, რობინიო, კოუტინიო და ტარდელი. კაპიტნის სამკლაური მოირგო ნეიმარმა.
რაც შეეხება კოლუმბიას, ყველაზე აღსანიშნავი ფაქტი ისაა, რომ დიდხნიანი პაუზის შემდგომ, ნაკრებს რადამელ ფალკაო დაუბრუნდა. როგორც იცით, ფალკაომ მუნდიალი ტრავმის გამო გამოტოვა.
შეხვედრამ ძალიან დაძაბულად ჩაიარა და კოლუმბიას ტოლი არ დაუდია “სელესაოსთვის”, მაგრამ გამარჯვებული კვლავ ბრაზილია გამოვიდა. ამაში დიდი “წვრილი” მიუძღვის კუადრადოს, რომელმაც 49-ე წუთზე მეორე ყვითელი მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. შეხვედრის ერთადერთი გოლი 83-ე წუთზე გავიდა – ნეიმარმა შესანიშნავი საჯარიმო დაარტყა და ოსპინას შანსი არ დაუტოვა 1:0.
ბრაზილია – კოლუმბია 1:0 (0:0)
ფლორიდა, “სან ლაიფ სთედიუმი”, 73 429
ბრაზილია: ჯეფერსონი, ლუისი (მარკინიოსი 80), მირანდა, ფელიპე, მაიკონი, რამირესი (ელიასი 46), გუსტავო (ფერნანდინიო 46), ტარდელი (რობინიო 77), ოსკარი (კოუტინიო 72), ვილიანი (რიბეირო 72), ნეიმარი.
მწვრთნელი: კარლოს დუნგა
კოლუმბია: ოსპინა, ზაპატა, ვალდესი, არმერო, ზუნიგა (მეხია 73), როდრიგესი (ფალკაო 77), რამირესი (არიასი 46), სანჩესი (რამოსი 85), კუადრადო, გუტიერესი (ბაკა 65), მარტინესი (გუარინი 65).
მწვრთნელი: ხოსე პეკერმანი
გოლი: ნეიმარი 83.
გაძევება: კუადრადო 49.
გაფრთხილებები: რამირესი, გუსტავო – კუადრადო, როდრიგესი, სანჩესი, ზუნიგა, ვალდესი, გუტიერესი.
მსაჯი: დეივ განტარი
ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 12(4)-7(3), კუთხური: 8-2, სეივი: 3-3.
ირაკლი ალიმბარაშვილი