სლოვენიის ევროპის ჩემპიონატის წინ საქართველოს საკალათბურთო ეროვნულმა ნაკრებმა ბოლო ტესტ-მატჩი კაუნასის “ჟალგირის არენაზე” ლიტვასთან ჩაატარა, დაძაბული, ლამაზი სანახაობა უჩვენა მაყურებელს, ქართველი გულშემატკივარი კი კონტინენტის პირველობაზე წარმატების მიღწევის საფუძვლიანი ოპტიმიზმით აღავსო. ჩვენებმა ბოლომდე იბრძოლეს ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო საკალათბურთო ნაკრების წინააღმდეგ, ლიტველი მწვრთნელები, მოთამაშეები, ქომაგები გვარიანად ანერვიულეს და მასპინძლებმა მხოლოდ ოვერტაიმით მოახერხეს მოგება. არადა, ქართველებს დამატებით ხუთწუთიან მონაკვეთში დაღლა რომ არ დატყობოდათ (მიზეზი ლოგიკური და ადვილად ასახსნელია), სლოვენიის ტურნირის წინ მნიშვნელოვანი გამარჯვებაც სავსებით შესაძლებელი იყო. ასპარეზობის მიწურულს მერამდენედ ამოვიოხრეთ ზაზა ფაჩულიასა და თორნიკე შენგელიას გახსენებისას, მაგრამ რა გაეწყობა – მომავალ ევროპირველობაზე მათ გარეშე მოგვიწევს თამაში და თუ ჩვენებმა ასეთივე ბრძოლიუნარიანობა და ოსტატობა გამოავლინეს, სლოვენიაში წარმატებით გამოსვლა სავსებით რეალურია.
იგორ კოკოშკოვმა ლიტველებს შემდეგი სასტარტო შემადგენლობა დაუპირისპირა: გიორგი ცინცაძე, მანუჩარ მარკოიშვილი, ლევან ფაცაცია, ვიქტორ სანიკიძე, გიორგი შერმადინი. ანგარიში ჩვენ გავხსენით – შერმადინმა ზუსტი პასით ფარქვეშ გაიყვანა ცინცაძე და გიორგისაც 2 ქულის გაკეთება არ გასჭირვებია. ლიტველებმა ეფექტური სამქულიანით გვიპასუხეს, რასაც კიდევ 2 საშუალო დისტანციიდან ზუსტი გასროლა მიამატეს და 7:2 დაწინაურდნენ. ქართველები ამგვარ დასაწყისს არ დაუბნევია. მატჩის საწყის წუთებზე ორჯერ სანიკიძემ, ერთხელაც მარკოიშვილმა პერიმეტრიდან სათანადოდ ტყორცნეს, ერთ მომენტში ქართველებმა 8:0 ”გაქცევა” მოაწყვეს და 15:9 დავწინაურდით. საწყისი პერიოდის მიწურულს ლიტველებმა გაიბრძოლეს, თუმცა, სტუმრებიც მედგრად თამაშობდნენ და პირველი მეოთხედი ფრედ, 19:19 დასრულდა.
მეორე პერიოდში ბალტიისპირელთა უპირატესობა გამოიკვეთა. კოკოშკოვმა შეცვლებით სცადა მდგომარეობის გამოსწორება, მაგრამ ლიტველები უფრო ზუსტად ისროდნენ ორქულიანებს (66 პროცენტი 46-ის წინააღმდეგ) და შესვენების წინ 12 ქულიან ჰანდიკაპსაც, 43:31 მიაღწიეს. პირველი ტაიმის ბოლო წამებზე მესამე პერსონალური ჯარიმები მიიღეს ჩვენმა მეფარეებმა, შერმადინმა და ცქიტიშვილმა, რაც მატჩის მეორე ნახევარში ქართველთა ამოცანას ართულებდა. თუმცა, ჩვენებმა შესაშური ფსიქოლოგიური სიმტკიცე და ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და მეტად კარგად ჩაატარეს მესამე-მეოთხე პერიოდები.
არადა, მესამე მეოთხედის დასაწყისი კარგს არაფერს გვიქადდა. ლიტველებმა კომბინაციური თამაში ააწყვეს და 53:38 “გაგვექცნენ”. სწორედ აქ გამოიჩინეს ჩვენებმა მებრძოლი ხასიათი და ბალტიისპირელთა საქულე უპირატესობამაც “დნობა” დაიწყო. ორთაბრძოლის შემოტრიალებას სათავე რიკი ჰიკმენის ჩაჭრამ, ფარისკენ გარღვევამ და ზუსტმა ორქულიანმა დაუდო. პერიოდის მიწურულამდე თავიანთი საუკეთესო თვისებები გამოავლინეს შერმადინმა, სანიკიძემ, მარკოიშვილმა. მანუჩარმა მეოთხედის დასრულებამდე 5 წამით ადრე ორივე საჯარიმო კარგად ტყორცნა და დასკვნითი ათწუთიანი სათამაშო მონაკვეთის წინ ლიტველებს მხოლოდ და მხოლოდ ქულით ჩამოვრჩებოდით 59:60.
მეოთხე პერიოდი ძალიან საინტერესოდ წარიმართა. დასკვნითი მეოთხედის საწყისი 5 წუთის გასვლის შემდეგ მასპინძლები 74:64-ს იგებდნენ, მაგრამ საქართველოს ნაკრების ლიდერები სანიკიძე, შერმადინი, მარკოიშვილი, ჰიკმენი ბოლომდე საბრძოლველად იყვნენ განწყობილები და მათი მცდელობით ანგარიშში სხვაობაც თანდათან იკლებდა. ძირითადი დროის დასრულებამდე წუთითა და 25 წამით ადრე ლიტველები შეტევაში დაჯარიმდნენ, ამ დროს ანგარიში 77:75 იყო, თუმცა პერიოდის ბოლო წამებამდე ტაბლოზე გამოსახული ეს რიცხვები არ შეცვლილა. გადამწყვეტი იერიშის დაგვირგვინება საკუთარ თავზე ჰიკმენმა აიღო, ლიტველთა გარემოცვაში სოლივით შეიჭრა ფარქვეშ და ბალტიისპირელებმა ნატურალიზებული ქართველი წესის დარღვევით შეაჩერეს. რიკი საჯარიმო ხაზთან დადგა და მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანა 77:77.
დამატებით დროში ორივე გუნდის მოთამაშეებს დაღლა დაეტყოთ. ანგარიშიც კარგა ხანს უცვლელი იყო. ფინიშამდე 3 წუთით ადრე შერმადინმა გვარიანი პაუზის შემდეგ კვლავ წინ გაიყვანა ქართველები (79:77), რასაც ლიტველებმა ეფექტური სამიანი მიაყოლეს. აქ ჩვენმა წამყვანმა მოთამაშეებს ზედიზედ 2 გარბენი გააკეთეს (მკაცრად ნუ განვსჯით – დიდმა ფიზიკურმა დატვირთვამ თავისი გაიტანა) და ლიტველები 86:79 დაწინაურდნენ. ჩვენებმა კიდევ ერთხელ გაიბრძოლეს, ანგარიში 86:83 გახადეს და ჰიკმენს სამქულიანი რომ არ გაეცუდებინა, კიდევ ერთი ოვერტაიმის მომსწრენი შევიქნებოდით... საბოლოოდ ლიტველებმა 88:83 მოგვიგეს და საკუთარი გულშემატკივარი მოახლოებული ევროჩემპიონატის წინ ოპტიმისტურად განაწყვეს. ბალტიისპირელებმა ხომ ერთადერთი ტესტ-მატჩი დათმეს ბერძნებთან და ლიტველებთან კაუნასში ტოლ-სწორად თამაში ჩვენი ნაკრების უდავო პლუსია.
4 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები კონტინენტის მომავალ პირველობაზე სასტარტო შეხვედრას პოლონეთთან გამართავს. იმედია, ჩვენები მომქანცველი მატჩის შემდეგ ენერგიასაც სრულად აღიდგენენ, წინასატურნირო შეხვედრებში გამოჩენილი ბრძოლისუნარიანობით შეერკინებიან პოლონელებს და თუკი სპორტულმა იღბალმაც მოწყალე თვალით გადმოგვხედა, წარმატებაც არ დაახანებს. საამისო პოტენცია საქართველოს ნაკრებს ნამდვილად აქვს.
ლიტვა – საქართველო 88:83 (19:19, 24:12, 17:28, 17:18, 11:6)
ძირითადი დრო 77:77
საქართველოს ნაკრებს ქულები შემდეგმა კალათბურთელებმა შესძინეს: ვიქტორ სანიკიძე (28ქ, 9 მოხსნა, 39.30 წთ), გიორგი შერმადინი (21ქ, 14მ, 36წთ), მანუჩარ მარკოიშვილი (18ქ, 6მ, 39წთ), გიორგი ცინცაძე (7ქ, 5მ, 41.30წთ), რიკი ჰიკმენი (6ქ, 4მ, 35წთ), ნიკოლოზ ცქიტიშვილი (3ქ, 1მ, 9წთ). მათ გარდა ლიტველების წინააღმდეგ ლევან ფაცაციამ (10წთ), ოთარ ფხაკაძემ (3.30წთ), ბექა ბურჯანაძემ (5.30წთ), ბესო ლეჟავამ (4.40წთ) და დუდა სანაძემ (1.30წთ) ითამაშეს. სამატჩო განაცხადში იყო ნიკა მეტრეველიც.
ლიტველთაგან ყველაზე შედეგიანები კლეიზა (18), სეიბუტისი (15), კუზმინსკასი (11) და ვალანჩუნასი (10) იყვნენ.