ფეხბურთი

2:05 | 9.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“დორტმუნდს” ცოტა დააკლდა, “ჩელსი” მაინც გავიდა

 

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გულშემატკივრებმა 2 ძალიან საინტერესო და დაძაბული თამაში იხილა. დორტმუნდსა და ლონდონში გამართული ორივე შეხვედრა მასპინძელმა გუნდმა 2:0 მოიგო, მაგრამ ეს ანგარიში საკმარისი მხოლოდ ერთისთვის გამოდგა.

“ჩელსი”, პარიზში წაგების (1:3) გამო, რთულ მდგომარეობაში იყო. ლონდონელებს პსჟ-სთან არსებული ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა მართებდათ, რაც, ჟოზე მოურინიოს გუნდმა, მოახერხა კიდეც.

იმის მიუხედავად, რომ “ჩელსისთვის” 2 გოლის გატანა აუცილებელი იყო, ლონდონელები პირველივე წუთებიდან მეტოქის კარისკენ არ დარაზმულან, თუმცა პირველმა ტაიმმა მაინც მათი უპირატესობით ჩაიარა. იბრაჰიმოვიჩის გარეშე დარჩენილ პსჟ-ს კი, არათუ გოლის გატანა, სახიფათო მომენტის შექმნაც კი უჭირდა.

“ჩელსიმ” პირველი სახიფათოOმომენტი 28-ე წუთზე შექმნა, როდესაც ლემპარდის დარტყმისა და რიკოშეტის შემდეგ სირიგუმ შენისანიშნავი რეაქცია გამოავლინა.

შესვენებამდე ერთი გოლი გავიდა. მასპინძლებმა ბურთი აუტიდან მოაწოდეს, დავიდ ლუიზმა ზურგით შიურლეს უპასა და უმეთვალყურეოდ დატოვებულმა გერმანელმა, დაახლოებით 7 მეტრიდან, ანგარიში გახსნა.

მე-2 ტაიმის დასაწყისში “ჩელსიმ” მეტოქეს შტურმი მოუწყო. საწყის წუთებში, ერთი შეტევის დროს, მასპინძლებმა მეტოქის კარის ხარიხას ბურთი 2-ჯერ მოარტყეს.

პსჟ გონს ნელ-ნელა მოეგო და პარიზელებმა სახიფათო მომენტების შექმნაც დაიწყეს, მაგრამ რადგან ანგარიში მათთვის ხელსაყრელი იყო, ბლანის შეგირდები წინ დიდი ძალებით არ მიდიოდნენ.

სიტუაცია 87-ე წუთზე შეიცვალა. ასპილიკუეტას მიერ საჯარიმოს გარედან დარტყმისა და რამდენიმე რიკოშეტის შემდეგ, კარიდან 6 მეტრში მყოფმა დემბა ბამ მაქსველს ორთაბრძოლა მოუგო და ის ანგარიში დააფიქსირა, რომელსაც 1/2-ფინალში “ჩელსი” გაჰყავდა.

ბას გოლის შემდეგ, პსჟ გატანის აუცილებლობის წინაშე დადგა. პარიზელებმა რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, მაგრამ პეტერ ჩეხის კარგმა თამაშმა მომდევნო ეტაპზე “ჩელსი” გაიყვანა.

“პარი სენ ჟერმენთან” მოგების შემდეგ, ჟოზე მოურინიო ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი მწვრთნელი გახდა, რომელმაც გუნდი 1/2-ფინალში 8-ჯერ გაიყვანა. პორტუგალიელზე ისიც უნდა ითქვას, რომ მან 2 წარმატებული ცვლილება განახორციელა – “ჩელსის” ორივე გოლი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩართული ფეხბურთელების ანგარიშზეა.

“დორტმუნდისა” და “რეალის” ორრაუნდიანი დაპირისპირება ამ გუნდების გასული გათამაშების ნახევარფინალში შეხვედრებს ძალიან ჰგავდა. ორივე შემთხვევაში, პირველი მატჩი მასპინძელმა გუნდმა 3-ბურთიანი სხვაობით მოიგო. განმეორებით თამაშში მე-2 გუნდი უპირატესობას ამჯერადაც ფლობდა, მაგრამ ჩამორჩენის გასაბათილებლად ერთი ბურთი არ ეყო. განსხვავება ისაა, რომ ამჯერად, გუნდებმა ადგილები გაცვალეს.

“რეალს” ყველაფრის უკვე მე-17 წუთზე დასრულება შეეძლო. მარცხენა ფლანგიდან სტუმართა შეტევის დროს, არბიტრმა “დორტმუნდის” კარში თერთმეტმეტრიანი უსამართლოდ დანიშნა, თუმცა სამართლიანობის აღდგენაზე ანხელ დი მარიამ და რომან ვაიდენფელერმა იზრუნეს. არგენტინელმა შემტევმა ცუდად დაარტყა, ხოლო გერმანელმა მეკარემ მას ეს არ აპატია და ბურთი მოიგერია. არადა, დი მარიას რომ გაეტანა, “დორტმუნდს” მომდევნო ეტაპზე გასასვლელად მეტოქის კარის 5-ჯერ აღება დასჭირდებოდა.

ამ ეპიზოდის შემდეგ, შესვენებამდე, ფეხბურთს მხოლოდ “დორტმუნდი” თამაშობდა. სანამ ანგარიში გაიხსნებოდა, გოლის გატანის ძალიან კარგი შანსი მხითარიანს ჰქონდა, მაგრამ მასპინძლეთა მე-10 ნომერმა ლევანდოვსკისა და როსის შესანიშნავ თამაშს არაზუსტი დარტყმა მოაყოლა.

იურგენ კლოპის გუნდმა ანგარიში 24-ე წუთზე გახსნა. პეპეს უხეში შეცდომის შემდეგ, როისი კასილიასთან პირისპირ გავიდა, რასაც ესპანელი მეკარის მოტყუება და ზუსტი დარტყმა მოჰყვა.

“დორტმუნდს” მე-2 გოლის გატანა 32-ე წუთზე შეეძლო, მაგრამ მატს ჰუმელსის სახიფათო თავური იკერ კასილიასმა მოიგერია.

ამ ეპიზოდიდან 5 წუთში, ილიარამენდიმ ბურთი მოედნის ცენტრში დაკარგა, რასაც მასპინძელთა კონტრშეტევა მოჰყვა. როისის გადაცემით დასარტყმელ პოზიციაზე გასულ ლევანდოვსკის კასილიასმა აუღო, რის შემდეგაც ბურთი ძელს მოხვდა, ხოლო დამტებაზე ისევ როისმა ითამაშა და დუბლი გაიფორმა. ამ დარტყმის შემდეგ, “დორტმუნდს” “რეალის” კარში უკვე 12 გოლი აქვს გატანილი. ჩემპიონთა ლიგაზე, მადრიდელთა კარი უფრო მეტჯერ მხოლოდ “იუვენტუსსა” (15) და “ბაიერნს” (23) აუღიათ.

მე-2 ტაიმი “რეალის” აქტიურობით დაიწყო, მაგრამ თამაშის განახლებიდან დაახლოებით 20 წუთში “დორტმუნდმა” სახიფათო იერიშების განხორციელება განაგრძო. 65-ე წუთზე, როისის კარგი გადაცემით მეკარესთან პირისპირ შეყრილმა მხითარიანმა კასილიასი მოატყუა, მაგრამ სომეხ ფეხბურთელს გოლის გატანამდე კვლავ ძალიან ცოტა დააკლდა – მისი დარტყმის შემდეგ ბურთი ცარიელი კარის ძელს მოხვდა.

რამდენიმე წუთში, მხითარიანი დასარტყმელ პოზიციაზე კიდევ ერთხელ აღმოჩნდა. ამჯერად, მან ბურთი კარის ჩარჩოში კი მოახვედრა, მაგრამ პირდაპირ კასილიასს დაუმიზნა. 4 წუთში იგივე განმეორდა – მხითარიანმა ხელსაყრელი სიტუაციიდან დაარტყა, მაგრამ კასილიასმა შეცდომა არც ამჯერად დაუშვა.

ბოლო წუთებში მასპინძლებს დაღლა დაეტყოთ და “რეალის” კართან მეტი ხიფათი აღარ შექმნილა. მადრიდელებს გოლის გატანის რამდენიმე შანსი თავად ჰქონდათ, მაგრამ ვაიდენფელერი და მცველები კარგად თამაშობდნენ.

საბოლოოდ, “რეალმა” პირველ მატჩში მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება დიდი გაჭირვებით მოახერხა და მადრიდული გუნდი ნახევარფინალში გავიდა.

 

 

ჩელსი-პსჟ 2:0 (1:0)

ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”

ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი, ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ასპილიკუეტა, ლუისი, ლემპარდი (ბა 66), ვილიანი, ოსკარი (ტორესი 81), აზარი (შიურლე 18), ეტოო.

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო.

პსჟ (4-1-2-3): სირიგუ, ჟალე, ალექსი, სილვა, მაქსველი, მოტა, ვერატი (კაბაიე 55), მატუიდი, ლუკასი (მარკინიოსი 85), კავანი, ლავესი (პასტორე 73).

მწვრთნელი: ლორან ბლანი.

გოლები: 1:0 შიურლე (32), 2:0 ბა (87).

გაფრთხილებები: ვილიანი 24, ლემპარდი 41, ივანოვიჩი 56, ლუისი 82 – ვერატი 27, კავანი 40, ლუკასი 52, მაქსველი 79.

მსაჯი: პედრო პროენსა (პორტუგალია).

ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 16 (10)-13 (6), კუთხური: 4-4, თამაშგარე: 0-6, სეივი: 6-8, ჯარიმა: 18-11.

 

დორტმუნდი-რეალი 2:0 (2:0)

დორტმუნდი, “სიგნალ იდუნა პარკი”

დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი, პიშჩეკი (ობამეიანგი 81), ფრიდრიხი, ჰუმელსი, დურმი, იოიჩი, კირხი, გროსკროიტცი, მხითარიანი, როისი, ლევანდოვსკი.

მწვრთნელი: იურგენ კლოპი.

რეალი (4-3-3): კასილიასი, კარვახალი, პეპე, რამოსი, კოენტრაუ, ილიარამენდი (ისკო 46), ალონსო, მოდრიჩი, დი მარია (კაზემირო 73), ბენზემა (ვარანი 90+2), ბეილი.

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი.

გოლები: 1:0 როისი (24), 2:0 როისი (37).

გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი: როისი 75, ობამეიანგი 82 – დი მარია 17, კარვახალი 68, კაზემირო 83, ბენზემა 90+2.

გაფრთხილებები: რამოსი 27, ალონსო 31.

მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია).

ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 12 (6)-10 (5), კუთხური: 4-2, თამაშგარე: 1-0, სეივი: 5-4, ჯარიმა: 10-10.

0.422478