დონეცკის “შახტარის” გენერალური დირექტორი სერგეი პალკინი ადასტურებს, რომ გერმანულმა “დორტმუნდმა” უკრაინელებს ჰენრიხ მხითარიანის ტრანსფერის თაობაზე ოფიციალურად მიმართა.
“სიმართლეს შეესაბამება ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, “დორტმუნდი” კონტაქტზე გამოვიდა. სამწუხაროდ, არ ვიცი, სად არის ამჟამად მხითარიანი, რადგან მას კონტაქტი მხოლოდ საკუთარ აგენტთან აქვს, რომელსაც მიმდინარე მოვლენებზე თავისი ხედვა აქვს.
“დორტმუნდი” მზადაა მხითარიანში 30 მილიონი დოლარი გადაიხადოს. გუშინ, ფეხბურთელის აგენტს ჩვენი კლუბის პოზიცია ოფიციალურად ვაცნობეთ. მას ვუთხარით, რომ მხითარიანს მხოლოდ 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეველევით. ეს წინადადება ძალაში 10 დღის განმავლობაში იქნება. თუ არსებობს კლუბი, რომელიც ამხელა თანხის გადამხდელია, მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ.” – განაცხადა სერგეი პალკინმა ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხთან საუბრისას.