ქართულ ძალოსნობაში საგანგაშო მდგომარეობაა. ნაკრების მწვრთნელის შესაძლო ან უკვე განხორციელებულ შეცვლაზე თუ შიდა დაპირისპირებებზე ბევრად უფრო მძიმე. ქართველი ძალოსნები დოპინგ-სკანდალში გაეხვნენ და ამის შესახებ ოფიციალური განცხადება სავარაუდოდ უახლოეს მომავალში გაკეთდება.
20-27 ოქტომბერს პოლონეთის ქალაქ ვროცლავში მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა. წინასწარი მონაცემებით, საქართველოს ნაკრების სახელით ფიცარნაგზე 4 სპორტსმენი უნდა გასულიყო, მაგრამ ჩემპიონატი ისე ჩამთავრდა, შტანგას არც ერთი ქართველი არ გაჰკარებია.
“მსოფლიო სპორტმა” შეიტყო, რომ ეროვნული ნაკრები პოლონეთში არც წასულა. მიზეზი კი დოპინგ-ტესტის ჩაგდება ყოფილა, მაგრამ ამ ინფორმაციის არათუ დაკონკრეტებისგან, ოფიციალურად დადასტურებისგანაც კი ჯერ თითქმის ყველა თავს იკავებს. შესაბამისად, ამ ეტაპზე უცნობია, ეჭვმიტანილი ძალოსანი (ან ძალოსნები) მსოფლიოს ჩემპიონატისთვის დასახელებულ შემადგენლობაში იყო თუ მის მიღმა.
სიტუაციაში უკეთ გასარკვევად საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ხელმძღვანელ პავლე კასრაძეს დავუკავშირდით:
- სამწუხაროდ, დოპინგ-ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, რადგან ჯერ ის პერიოდია, როდესაც დოპინგის მიღებაში მხილებულ მხარეს უფლება აქვს, თავისი სიმართლის დასამტკიცებლად იბრძოლოს – ბრალდება გაასაჩივროს და განმეორებითი ტესტი მოითხოვოს. როგორც წესი, სავარაუდოდ ამ პროცედურების შემდეგ ხდება ინფორმაციის გახმაურება.
- არის შანსი, რომ განმეორებითმა ტესტმა პირველისგან აბსოლუტურად განსხვავებული პასუხი აჩვენოს?
- მოდით წინასწარ ნუ ვისაუბრებთ.
- ერთ სპორტსმენზეა საუბარი თუ რამდენიმეზე?
- რამდენიმეზე.
- როდის ჩატარდა პირველი დოპინგ-ტესტი?
- ერთ-ერთი უცხოურ შეჯიბრებისას. ჯერ ვერც ამაზე დავკონკრეტდები. ძალოსნობაში დოპინგის პრობლემა ძალიან მძიმედ დგას. არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. დარწმუნებული ვარ, მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსული სპორტსმენებიც ჩავარდებიან, თან არა ერთი.
“მსოფლიო სპორტი” საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსაც შეეხმიანა. ოფიციალური ცნობა ქართველი სპორტსმენის დოპინგზე ჩავარდნის შესახებ არც ერთ სტრუქტურას არ მიუღია, თუმცა მომხდარის შესახებ სეოკ-იც და სამინისტროც საქმის კურსშია. საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის ხელმძღვანელობა კი ოფიციალური განცხადებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.
საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრებისთვის ბოლო საერთაშორისო შეჯიბრება აპრილში ტირანაში გამართული ევროპის ჩემპიონატი იყო, რომელშიც მონაწილეობა რაულ ცირეკიძემ (85 კგ), ვაჟა ღონღაძემ (94 კგ), ალბერტ კუზილოვმა (105 კგ), დავით გოგიამ (105 კგ) და ირაკლი თურმანიძემ (+105 კგ) მიიღეს. სექტემბრის ბოლოს კი ტალინში გამართულ ევროპის ასაკობრივ (20 და 23-წლამდე) ჩემპიონატზე ქართულ განაცხადში იყვნენ: რამინ შამილიშვილი (62 კგ), შოთა მიშველიძე (69 კგ), ზურიკო თავაძე (77 კგ), გიორგი ლომთაძე (77 კგ), ირაკლი გაბრიჭიძე (77 კგ), ვილიამინ ალექსიძე (105 კგ) და ლაშა ტალახაძე (+105 კგ).