ხარკოვის “მეტალისტის” სტადიონი რომ ვნახე, მსგავსი არენა საქართველოში ვინატრე. თუმცა, ადგილობრივები მეუბნებოდნენ, რომ დონეცკის “დონბას არენასთან” შედარებით, მათი სტადიონი არაფერია. უკრაინის ნაკრების ერთ-ერთმა ფანმა ასეთი შედარება გააკეთა – ხარკოვის სტადიონი უფრო მყუდროა, მაგრამ “დონბას არენა” გაცილებით პომპეზურია. ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობსო და მართლაც - დონეცკის სტადიონმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ტყუილუბრალოდ არ მისცა უეფამ უკრაინელებს, ხსენებულ არენაზე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური მატჩების გარდა, მეოთხედფინალისა და ნახევარფინალის ჩატარების უფლება. მართლაც საოცარია, ქალაქში, რომლის შესასვლელში გაკეთებულ წარწერაზე - “დონეცკი” - ლენინის თავია ამოტვიფრული, სადაც “ვლადიმიერ ილიჩის” ძეგლი კვლავ დგას და პროლეტარიატის ბელადის სახელობის მოედანიცაა, ულტრათანამედროვე სტადიონის არსებობა. სხვათა შორის, “დონბას არენა” ლენინური კომკავშირის სახელობის სკვერშია განთავსებული.
ეს არენა, რომელსაც ფეხბურთის ქომაგები აღტაცებაში მოჰყავს, დონეცკის “შახტარის” პრეზიდენტმა რინატ ახმეტოვმა ააშენა და 400 მილიონი დოლარი დაჯდა. ახმეტოვს დიდი წარდგენა არ სჭირდება. ის უკრაინის უმდიდრესი ადამიანია და “შახტარის” წარმატებები სწორედ მის სახელს უკავშირდება. სტადიონის მშენებლობა 2006 წლის ივნისში დაიწყო და 2009 წლის 29 აგვისტოს დასრულდა. მისი გახსნის ცერემონიალს 430000 ადამიანი დაესწრო და “დონბას არენაზე” კონცერტი ცნობილმა მომღერალმა ბიონსემ ჩაატარა. ოფიციალურად სტადიონზე 51 504 გულშემატკივარი ეტევა, მაგრამ როდესაც ბოლომდე ივსება, 57456 ადამიანიც მიღებაც შეუძლია.
სტადიონის მინდვრის საფარი სლოვაკეთიდან ჩამოიტანეს და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. მის ხარისხში თავად დავრწმუნდი, როდესაც უკრაინა-ინგლისის მატჩს დავესწარი. გაზონს მართლაც თვალის ჩინივით უფრთხილდებიან. ხსენებული მატჩის დაწყებამდე აუტის ხაზთან საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და კიევის “დინამოს” ყოფილი ფეხბურთელი ალექსანდრე ზავაროვი იდგა, რომელმაც გაზონზე ერთი ნაბიჯი შედგა და იქვე მდგომმა დაცვის წევრმა აიძულა, მინდორი დაეტოვებინა . აღსანიშნავია, რომ ბუნებრივი განათების დეფიციტის პირობებში ბალახის უკეთ გასაზრდელად ხელოვნური მზის სხივების სისტემას იყენებენ. ასეთი რამ აღმოსავლეთ ევროპაში მხოლოდ “დონბას არენაზეა”.
მატჩების დროს სტადიონზე სამი რესტორანი, 53 სწრაფი კვების ობიექტი, 4 ბარი და “ფან კაფე” ფუნქციონირებს. სტადიონზე გახსნილია უკრაინაში ყველაზე დიდი სპორტული მუზეუმი, რომელიც საფეხბურთო კლუბ “შახტარის” სახელს ატარებს. სტადიონზე დამონტაჟებული ორი ულტრათანამედროვე დიდი ეკრანი და ე.წ. “კამერა ობობა”. ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას სტადიონზე შესვლის ნორმები ძალიან გამკაცრებულია. მილიციისა და სტიუარდების რამდენიმე კორდონის გარდა, ჟურნალისტებსაც კი საგანგებოდ ამოწმებენ მეტალოდეტექტორით.
სტადიონი ერთია, მაგრამ არანაკლებ კარგი სანახავია მის წინ მდებრაე ბაღი. ის სპეციალურად გააშენეს და 30 მილიონი დოლარი დაჯდა. ბაღში შადრევნებია და განსაკუთრებით ლამაზია გრანიტის დიდი ბურთი, რომელიც წყლის ჭავლით ბრუნავს. დონეცკის სტუმრები ბურთთან ფოტოს გადაღების შანსს ხელიდან არ უშვებენ. “დონბას არენა” დიდ ეფექტს ახდენს ღამე, როდესაც ცისფერი შუქითაა განათებული. უკრაინელები მას “მფრინავ თეფშსაც” კი ადარებენ. სტადიონი დონეცკის სავიზიტო ბარათად ითვლება და სრულიად სამართლიანადაც. იმ ნაგებობებს შორის, რომლებიც ამ ქალაქშია “დონბას არენა” უდავოდ ყველაზე გამორჩეულია.
უახლოესი მატჩი დონეცკში 23 ივნისს, ესპანეთსა და საფრანგეთს შორის ჩატარდება და უეფას წყალობით, მას “მსოფლიო სპორტის” კორესპონდენტიც დაესწრება.
ლაშა თაბაგარი, worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი დონეცკიდან