ჭიდაობა

12:15 | 9.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯუმბერ ყველაშვილი მეოთხედფინალშია

 

ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 61, 65, 74 და 97 კილოგრამ წონით კატეგორიებში მეორე წრის შეხვედრები გაიმართა. საქართველოს ნაკრების წევრთაგან ხალიჩაზე სამი მოჭიდავე გავიდა და ძირითად ბადეს მხოლოდ ერთი შემორჩა – ჯუმბერ ყველაშვილმა (74 კგ) ყაზახ გალიმჟან უსერბაიევს 5:1 მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა.

ბექა ლომთაძე (61 კგ) რუს ალექსანდრ ბოგომოევს პირველი პერიოდი თანაბრად ებრძოლა, მაგრამ მეორეში ვეღარას გახდა და 3:13 წააგო.

ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) კი ძირითად ბადეში ბრძოლის გაგრძელების შანსი აზერბაიჯანის ნაკრების ლიდერთან, ევროპის 3-გზის და მსოფლიოს ჩემპიონ ხეთაგ გაზიუმოვთან წაგებით (1:2) დაკარგა. ამ უკანასკნელმა ორივე ქულა ოდიკაძის გაფრთხილების ხარჯზე მიითვალა. ქართველმა მოჭიდავემ კი ქულა მეტოქის ხალიჩიდან გაყვანით აიღო.

მეოთხედფინალში ყველაშვილი აზერბაიჯანელ აშრაფ ალიევს დაუპირისპირდება. ლომთაძეს, ოდიკაძეს და ასევე საწყის ეტაპზე წაგებულ მალხაზ ზარქუას (65 კგ) კი ისღა დარჩენიათ, თავიანთი მძლეველების ფინალში გასვლას დაელოდონ, რათა თავად ბრინჯაოსთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი მიიღონ.

0.13195