სხვა

18:47 | 24.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯორჯე რასიჩი: “ჩემი უმთავრესი მიზანი ბრძოლისუნარიანი გუნდის ჩამოყალიბებაა”

 ბოლო დროს საქართველოში ხელბურთის გამოცოცხლება აშკარად იგრძნობა. ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ორიოდე თვის წინათ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში ითამაშა და თბილისში ჩატარებულ მატჩებში ფინეთის, თურქეთისა და ლიტვის ნაკრებთა დამარცხება მოახერხა. საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად გამოცდილი სერბი სპეციალისტი ჯორჯე რასიჩი მუშაობს, რომელიც ჩვენ ქვეყანასთან თანამშრომლობას გააგრძელებს. ბალკანელი თბილისში ცხოვრობს და ეროვნულ გუნდთან ერთად კურირებას ყველა ასაკობრივ ნაკრებსაც უწევს. ბატონ ჯორჯეს დღეს ვარჯიშის შემდეგ დიდუბის მანეჟში შევხვდით და რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემა ვთხოვეთ. ქართულ-სერბული დიალოგის წარმართვაში ვეტერანი ხელბურთელი ბექა ორჯონიკიძე დაგვეხმარა, რისთვისაც მას მადლობას ვუხდით.

 - უპირველესად თქვენი სამოთამაშეო და სამწვრთნელო კარიერა გავაცნოთ მკითხველს...

- უკანა გარემარბი გახლდით და აქტიური სპორტული კარიერის განმავლობაში სულ 14 ტიტული მაქვს მოპოვებული. შაბაცის “მეტალოპლასტიკას” შემადგენლობაში ორჯერ ჩემპიონთა ლიგა მოვიგე, შვიდჯერ იუგოსლავიის პირველობა, ორჯერად ქვეყნის თასი. მოგვიანებით მწვრთნელი გავხდი და უკვე 22 წელიწადია სხვადასხვა გუნდებს და ნაკრებებს ვდამრიგებლობ. თავდაპირველად ქალთა გუნდებში ვმუშაობდი. “ბუდუჩნოსთან” ერთად 8 ტროფეი მაქვს მოგებული, ნაპრედაკის “კრუშევაცშიც” წარმატებით ვმუშაობდი. 15 წელი გახლდით ქალ ხელბურთელთა დამრიგებელი და ყოველსეზონურად მაღალ შედეგს ვაღწევდი. მამაკაცებში ლიბანის “ასადს” აზიის ჩემპიონთა თასი მოვაპოვებინე, რაც მოულოდნელი და სენსაციური შედეგი იყო. სლოვაკეთის პრეშოვის “ტატრანი” ორჯერ ქვეყნის ჩემპიონი გავხადე, ორჯერაც თასი ავიღეთ. ამ გუნდთან ერთად ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალამდე გავაღწიეთ. შემდეგ იყო რუმინეთის “ვოლჩა”, ესპანეთის “სიუდად რეალი”. 4 წელი ვმუშაობდი “მეტალოპლასტიკას” დამრიგებლად. ვწვრთნიდი სერბეთის გოგონათა ეროვნულ და იუნიორთა, აგრეთვე ქვეყნის ჭაბუკთა ნაკრებებს. იუნიორ გოგონათა ნაკრებთან ერთად ორჯერ მსოფლიოს ჩემპიონატზე, ევროპირველობასა და ხმელთაშუა ზღვის თამაშებზე გამოვედით. ჩემ აღზრდილთა შორისაა პლანეტის ერთ-ერთი უძლიერესი ხელბურთელი ქალი ბოიანა პოპოვიჩი.

- საუბარი საქართველოს სახელბურთო ამბებით განვაგრძოთ. თქვენი ხელმძღვანელობით ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მიიღო მონაწილეობა. როგორ შეაფასებდით საქართველოს ნაკრების გამოსვლას?

- ამ სიტუაციაში მაქსიმუმი გავაკეთეთ. მოსამზადებლად მეტი დრო რომ გვქონოდა, გუნდი 20-30 პროცენტით მეტს მიაღწევდა. ნაკრებში ორი ვეტერანია, სერგო დათუკიშვილი და გიორგი გვაზავა, რევაზ ჭანტურიაც 30 წელსაა გადაცილებული. თანდათან ახალი გუნდი უნდა ჩამოვაყალიბოთ, ამიტომაც ყველაფერს ლამის თავიდან, ასაკობრივი ნაკრებებიდან ვიწყებთ. 3 ჯგუფი ჩამოვაყალიბეთ. 14-16 წლამდელები, 21 წლამდელები და 21-30 წლამდელები. ყველა ასაკში 4-5 კარგი მოთამაშე გვყავს, რომელი მათგანი ჩამოყალიბდება ლიდერად, ამას უშუალოდ მატჩების მსვლელობა გაარკვევს.

16 წლამდელები ოლიმპიური ნაკრების ბირთვს შეადგენენ, რომელთაც 2015 წელს თბილისის ოლიმპიურ ფესტივალში უნდა იასპარეზონ. გუნდის ლიდერები სანდრო (მეკარე, გვარი არ დაუკონკრეტებია-რედ), გიორგი დოლმაზაშვილი, ლუკა გაწერელია, ლუკა ბულბულაშვილი, ირაკლი კბილაშვილი, ჰაზეინ როსტომოვი, გუსალ გუსეინოვი, ერეკლე არსენიშვილი არიან. ძირითადი ბირთვი შეკრულია – 24-25 ხელბურთელი წამყვანებად ითვლებიან.

18 წლამდელებში ერთბაშად 3 კარგი მეკარე – ირაკლი ხიდეშელი, ჯონი ცერცვაძე, ზურა ცინცაძე – გვყავს. ხაზის მოთამაშეებს შორის გამოკვეთილი ხელბურთელი არ გვყავს და მათ თამაშის მომატება მართებთ. ამასთან, 18 წლამდელთა გუნდის სამმა წევრმა ზურაბ აბრამიშვილმა, თეიმურაზ ორჯონიკიძემ, ზურა სიმონიამ უკვე ეროვნულ ნაკრებშიც მოსინჯეს ძალა. ამ გუნდიდან ირაკლი გოგილაძესა და ალექსანდრე ცხვარაშვილსაც დავასახელებდი. კიდევ არიან სხვა პერსპექტიული ბიჭებიც, რომელთა მომავლის მჯერა.

ახალგაზრდა მოთამაშეებმა ვოვა რუსიასთან, ირაკლი ჩიქოვანთან, რატი მსხვილიძესთან, აკაკი ტალახაძესთან, სერგო დათუკიშვილთან, უჩა გამზარდიასთან, შოთა თევზაძესთან, რეზო ჭანტურიასთან ერთად საქართველოს ნაკრებში უნდა ითამაშონ. ეროვნულ გუნდში ხაზის მოთამაშის პრობლემა გვაქვს და კარგი იქნება, თუკი უცხოელს ჩამოვიყვანთ. ეროვნულ ნაკრებში მოსახვედრად ლეგიონერმა მინიმუმ ერთი წელი საქართველოს ჩემპიონატში უნდა იასპარეზოს. მაგალითად, ესპანეთი ძალიან გააძლიერა დუშანბაევმა. უცხოელის გამოჩენა საქართველოს ჩემპიონატსაც მეტ ინტერესს შესძენს. ამასთან, მატჩები ყოველკვირეულად უნდა ტარდებოდეს. ვფიქრობ, ამით დაძაბულობაც მოიმატებს. აუცილებელია საერთაშორისო შეხვედრებიც. საამისოდ 16 წლამდელთა გუნდი სერბეთში მიგვყავს. იქ დილით ვარჯიში, საღამოს ტესტ-მატჩები გვექნება. დიდ დროს დავუთმობთ ტექნიკისა და ტაქტიკის დახვეწას. შეხვედრებს რაც შეეხება, 3 მატჩს გავმართავთ სერბთა ნაკრებთან, ორჯერ “მეტალოპლასტიკის” თანატოლებს გავეჯიბრებით, თითოჯერ “ცრვენა ზვეზდასა” და “პარტიზანს”. უმჯობესია ძლიერ გუნდებს ვეთამაშოთ, დავმარცხდეთ, მაგრამ სათანადო გამოცდილება შევიძინოთ.

-თქვენი აზრით ქართული ხელბურთი რა მიმართულებით უნდა განვითარდეს?

- ამაზე ნაწილობრივ პასუხი უკვე გაგეცით. ჩემპიონატის მატჩები ყოველ შაბათ-კვირას უნდა იმართებოდეს, ტელევიზიამ, პრესამ მეტი ყურადღება დაუთმოს ხელბურთს და მის პოპულარიზაციაზე იზრუნოს. კარგი იქნებოდა ეროვნულ ჩემპიონატში ლეგიონერების გამოჩენა. ფინანსურად კლუბები უკეთეს მდგომარეობაში უნდა იყვნენ. ხელბურთი სკოლებში უნდა დაინერგოს. ამასთან, საზრუნავია ბავშვ ხელბურთელებთან მომუშავე მწვრთნელთა კვალიფიკაცია.

- სახელმწიფოს რა როლს დააკისრებდით?

- მასწავლებლებს, კლუბებს დაეხმაროს, სახელბურთო ინფრასტრუქტურა მოაწყოს. მაგალითისთვის თურქეთის ხელბურთის ფედერაციას საკუთარი დარბაზი აქვს, სადაც ვარჯიშისა და თამაშის ყველა პირობაა შექმნილი. ჩვენ კი ზამთარში 2-3 თვე იმის გამო გვიცდება, დარბაზი რომ ვერ თბება. საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე თბილისის კლუბების წევრებს ხელფასი არ აქვთ, უჯამაგირო მოთამაშეს კი ბევრს ვერ მოთხოვ. იკლებს მოტივაცია, საკუთარ თავზე მუშაობის სურვილიც ნაკლებად ჩნდება...

- აპრილის დასაწყისში 20 წლამდელთა ნაკრები ესპანეთში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სათამაშოდ მიემგზავრება...

- ესპანეთთან, ჩერნოგორიასა და ნორვეგიასთან მოგვიწევს გაჯიბრება. უპირველესი ფავორიტი მასპინძელთა გუნდია, ჩვენ კი ოპტიმალური ფორმის მიღწევას მაისის ბოლოსთვის ვგეგმავთ. 20-26 მაისს ანდორაში ტროფი-ქაფი ჩატარდება, იქ 8 ნაკრები იასპარეზებს და მოგებისთვის ვითამაშებთ. ესპანეთში კი ყველასთან ვიბრძოლებთ და გამოცდილების მიღებასაც შევეცდებით.

პრიორიტეტად 2015 წლის ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ნაკრების გამოსვლას მივიჩნევ. ჩემი უმთავრესი მიზანი ბრძოლისუნარიანი გუნდის ჩამოყალიბებაა. ჯერჯერობით ფედერაციის პრეზიდენტ ზურაბ კაკაბაძესთან საქართველოში ერთი წლით მუშაობაზე შეთანხმებული ვარ. მსურს თქვენში კეთილი სახელი დავიმკვიდრო.  

0.164139