ნოვაკ ჯოკოვიჩმა წლის შემაჯამებელ ტურნირზე ტიტულის დაცვა შარშანდელი ფინალის რემატჩში ნიკალაი დავიდენკოს ძლევით დაიწყო.
22 წლის სერბმა, ვისაც მსოფლიო რეიტინგსიაში მე-3 საფეხური უკავია, 6 წლით უფროსსა და 5 ადგილით ქვემდგომ რუს მეტოქეს ჩვენი დროით ნაშუაღამევს გამართულ შეხვედრაში ორ საათსა და 47 წუთში, 3:6 6:4 7:5 აჯობა.
ეს წლეულს მათი მე-2, ხოლო საერთოდ მე-5 დაპირისპირება გახლდათ და ნოვაკმა ნიკალაიზე ოქტომბერში შანხაის მასტერსტურნირის ნახევარფინალში მარცხისთვისაც ირევანშა და იმავდროულად მას საკარიერო დავაშიც გაუსწრო – 3:2.
დავიდენკოს ძლევით მან ზედიზედ მე-11 გამარჯვება მიითვალა. შეგახსენებთ, რომ ლონდონში ჩასვლამდე მან მიჯრით ბაზელის შეჯიბრება და პარიზის მასტერსტურნირი მოიგო.
სხვაფრივ - იმავე ბან ჯგუფში რობინ სოდერლინგმა (#8) ორშაბათს რაფაელ ნადალი (#2) დაამარცხა.
სამშაბათს კი რვაკაცაზე ან ჯგუფის მატჩები გაიმართება – ჯერ არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო (#5) და ესპანელი ფერნანდო ვერდასკო (#7) იპაექრებენ, შემდეგ კი კორტზე შვეიცარიელი როჯერ ფედერერი (#1) და სკოტი ენდი მარეი (#4).







