ჩოგბურთი

0:12 | 15.11.2009 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩმა ნადალს აჯობა და წლეულს თავის მე-10 ფინალს უწია

ნოვაკ ჯოკოვიჩმა პარიზის მასტერსტურნირის ნახევარფინალში რაფაელ ნადალს აჯობა და წლეულს თავის მე-10 ფინალს უწია.
22 წლის სერბმა, ვისაც მსოფლიო რეიტინგსიაში მე-3 საფეხური უკავია, თავისზე ერთი წლით უფროსსა და ერთი ადგილით ზემდგომ ესპანელ მეტოქეს დამაჯერებლად - 6:2 6:3 - მოუგო.
ჯოკოვიჩი კორტზე პირველი გათამაშებიდანვე დომინირებდა, საიმედოდ აწვდიდა და ორივე მხრიდან ბასრად უტევდა. რაფას ერთი ბრეიკპოინტიც კი არ ჰქონია. ნამატჩევს ნოვაკი საკუთარი თამაშით კმაყოფილებას გამოთქვამდა და ამბობდა, რომ ზუსტად ისე გაირჯა, როგორც გეგმავდა.
“დღეს სრულყოფილი ჩოგბურთი ვაჩვენე” - დასძენდა იგი.
ეს წლეულს მათი მე-6, ხოლო ჯამში მე-20 დაპირისპირება გახლდათ და ჯოკოვიჩმა ნადალთან საამსეზონი ბალანსი 2:4-მდე, ხოლო საერთო 6:14-მდე გამოისწორა.
აღსანიშნავია ისიც, რომ მან პირველად შეძლო, რაფა ზედიზედ ორჯერ დაემარცხებინა - პარიზამდე მათ ბოლოჯერ ზაფხულში, ცინცინატის მასტერსმაგარსაფრობის ნახევარფინალში იპაექრეს და ნოვაკმა მაშინაც ორ სეტში - 6:1 6:4 - იმარჯვა.
სხვათა შორის, მაგარსაფარზე ის ნადალს უკვე 6:3 უგებს, ბალახსა და თიხნარზე კი, შესაბამისად, 0:2 და 0:9 ჩამორჩება.
ფინალში ის მე-15 ნომრად განთესილ ფრანგ გაელ მონფისს შეხვდება, ვინაც მეორე ნახევარფინალში გამოცდილ ჩეხ რადეკ შტეპანეკს (#13) ორსაათიანსა და 42-წუთიან შეხლაში 6:4 5:7 6:4 აღემატა.
მონფისი კვირას წლის მე-2, ხოლო კარიერის მე-3 ტიტულისთვის იბრძოლებს. მას შანსი აქვს, გახდეს მე-4 ფრანგი გი ფორჟეს (1991), სებასტიან გროსჟანისა (2001) და ჟო-ვილფრიდ ცონგას (2008) შემდეგ, ვისაც ეს ტურნირი მოუგია.
ჯოკოვიჩი კი სეზონის მე-5, ხოლო კარიერის მე-16 ტიტულის მოხვეჭას ეცდება.
ის და მონფისი ერთმანეთს აქამდე 3-ჯერ შეხვედრიან და 3-ჯერვე გამარჯვებული სერბი მეჩოგნე დარჩენილა.


ლევან კელაურაძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.164718