ბელგრადში მიმდინარე დევისის თასის ფინალის სასტარტო მატჩში რეიტინგსიის მეორე ნომერმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ტურნირის მოქმედი ჩემპიონის ჩეხეთის ნაკრების მოთამაშე რადეკ შტეპანეკს 7:5, 6:1, 6:4 მოუგო და სერბეთს პირველი ქულა მოუპოვა.
26 წლის ნოვაკმა კლასიფიკაციის 44-ე საფეხურზე მყოფი 34 წლის შტეპანეკის დამარცხებას 2 საათი და 10 წუთი მოანდომა. ჯოკოვიჩის ანგარიშზე 7 ბრეიკი და 4 ეისია. სერბეთის და ჩეხეთის ეროვნულ გუნდთა მეორე მატჩში კორტზე დუშან ლაიოვიჩი და ტომაშ ბერდიხი გავლენ.
ამასობაში სერბეთის ნაკრების კაპიტანმა ბოგდან ობრადოვიჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შესაძლოა ჯოკოვიჩმა წყვილთა შეხვედრაშიც მიიღოს მონაწილეობა: “ნოვაკი სადღეისოდ მსოფლიოში საუკეთესო თამაშს აჩვენებს. სავარაუდოდ, იგი ერთეულთა მატჩების მოგებით 2 ქულას მოგვიტანს, ხოლო წყვილთა თანრიგში გამოსვლით მესამე, გადამწყვეტი ქულის აღებაშიც დაგვეხმარება. თუკი “ნოლე” ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მზად იქნება, წყვილებშიც ითამაშებს. ყოველ შემთხვევაში, ამ ვარიანტს სერიოზულად განვიხილავთ”.