ჩოგბურთი

23:15 | 28.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩის რთული სამსეტიანი პაექრობა

 მსოფლიოს რეიტინგსიის პირველმა ნომერმა და საფრანგეთის ღია პირველობის შარშანდელმა ფინალისტმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა წლევანდელი “როლან გაროსი” სამსეტიანი მოგებით დაიწყო, თუმცა, სერბს 22 წლის ბელგიელის დავიდ გოფინის დამარცხება სამივე პარტიაში გაუჭირდა.

პრინციპში, “ნოლე” რთულ პაექრობას ელოდა. “გოფინი მეტად უხერხული მოწინააღმდეგეა. იგი ახალგაზრდაა და პერსპექტიულ მოთამაშეთა შორის შედის. გრუნტზე დავიდს კარგი თამაში შეუძლია, რაც მან შარშან დაამტკიცა – საფრანგეთის ღია პირველობის მეოთხე წრემდე გააღწია. ერთი სიტყვით, შესაძლებლობების სრულად გამოვლენა მომიწევს”, - აცხადებდა ჯოკოვიჩი მატჩამდე და მისი მოლოდინი ახდა. მართალია,  ნოვაკმა სამივე სეტი მოიგო, მაგრამ ყველა მათგანში წარმატების მიღწევას ბალკანელმა დიდძალი ენერგია შეალია – 7:6, 6:4, 7:5. კლასიფიკაციის პირველმა ნომერმა რეიტინგში 58-ე საფეხურზე მყოფი გოფინი 2 საათსა და 15 წუთში დაამარცხა. ჯოკოვიჩმა ამ სათამაშო დროის განმავლობაში 3 ბრეიკი და 5 ეისი განახორციელა. ჯოკოვიჩი და გოფინი ერთმანეთს საჩოგბურთო კარიერაში პირველად წლევანდელ “როლან გაროსზე” შეხვდნენ.

მეორე წრეში ნოვაკ ჯოკოვიჩი არგენტინელ გიდო პელიას შეხვდება. ამ უკანასკნელმა დრამატული მატჩი მოუგო ხორვატ ივან დოდიგს - 4:6, 6:4, 6:3, 2:6, 12:10.

თეგებიჯოკოვიჩი
0.113278