ჩოგბურთი

22:00 | 17.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი ფედერერ-ნადალის დომინაციის შესუსტებას მოელის

მსოფლიოს მე-3 ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი დარწმუნებულია, რომ როჯერ ფედერერისა და რაფაელ ნადალის დომინაცია ნელ-ნელა შესუსტდება, რადგან მამაკაც ჩოგბურთელთა ტურზე, რამდენიმე ძალიან ძლიერი ახალგაზრდა ჩოგბურთელი გამოჩნდა.
”ვფიქრობ, მამაკაცთა ჩოგბურთი თანდათან სულ უფრო საინტერესო ხდება. ახალი ნიჭიერი ჩოგბურთელების გამოჩენა ჩვენი სახეობისთვის სასარგებლოა. რამდენიმე ისეთი ჩოგბურთელი გამოჩნდა, რომლებსაც დიდი ტურნირების მოგება შეუძლიათ. ბოლო ხუთი-ექვსი წელია, ფედერერს და ნადალს ვერავინ ეწინააღმდეგება. ისინი დიდი სლემის ყველა ტურნირს იგებდნენ, რომლებზეც თამაშობდნენ. მაგრამ ბოლო ორი სეზონია, სიტუაცია თანდათან იცვლება. ახლა ჩვენც გვაქვს იმის რწმენა, რომ დიდი სლემის ტურნირებს მოვიგებთ”, - ამბობს ჯოკოვიჩი, რომელმაც 2008 წელს, ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო.
სერბი ჩოგბურთელი და არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო ბოლო წლებში ის გამონაკლისები არიან, რომლებმაც დიდი სლემის ტურნირებზე ნადალისა და ფედერერის ბატონობა შეარყიეს. შარშან დელ პოტრომ აშშ-ის ღია პირველობა მოიგო, რომლის ფინალშიც თვით ფედერერი დაამარცხა.
ჯოკოვიჩი, დელ პოტრო, ბრიტანელი ენდი მარეი, ამერიკელი ენდი როდიკი და რუსი ნიკოლაი დავიდენკო ის ჩოგბურთელები არიან, რომლებსაც მსოფლიოს პირველი და მეორე ჩოგნებისთვის რეალური მეტოქეობის გაწევა შეუძლიათ.
”შარშან საკმაოდ ბევრ ტურნირზე ვითამაშე, ახალი სეზონის დასაწყისში კი, აქცენტი ვარჯიშებზე გადავიტანე და ვცდილობ, ავსტრალიის ღიასთვის ძალებს გავუფრთხილდე, რადგან ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია. მელბურნ პარკზე გამოსვლამდე, მცირე პრაქტიკა მჭირდებოდა. ამჟამად, ჩემს სათამაშო ტექნიკას ვარჯიშებზე ვხვეწ”, - განაცხადა ჯოკოვიჩმა, ვინც ახალ სეზონში მხოლოდ ერთ ტურნირზე - კოოიონგის კლასიკურზე ითამაშა.
სერბი ჩოგბურთელი დასძენს, რომ ოზი ოუპენის წინ, საკუთარ სათამაშო ტექნიკას ხვეწს და მის გამრავალფეროვნებაზე მუშაობს: ”ვფიქრობ, მნიშვნელოვნად გავაუმჯობესე ბადესთან თამაში და ფიზიკურადაც კარგად ვარ მომზადებული. ჩემს ტექნიკაში რაღაც-რაღაცეები შევცვალე. მოწოდება დავხვეწე. შესაძლოა, უკანა ხაზიდან ისე კარგად ვერ ვთამაშობ, როგორც 2008 წელს, მაგრამ სხვა ელემენტებში უფრო ძლიერი ვარ, რასაც მელბურნ პარკზე დიდი მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, თამაშის დახვეწა ხანგრძლივი პროცესია ერთ ღამეში ეს შეუძლებელია. მაგრამ ეს არ მაშინებს. ნელ-ნელა წინ მივდივარ და მთავარი სწორედ ესაა”.
ავსტრალიის ღია პირველობის ძირითადი ბადის თამაშები ხვალიდან იწყება.


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.178465