ნოვაკ ჯოკოვიჩმა ლონდონის წლის შემაჯამებელი ტურნირის სასტარტო მატჩში როჯერ ფედერერს 6:4, 6:7, 6:2 მოუგო და 32 წლის შვეიცარიელთან ურთიერთშეხვედრათა ანგარიში 15:16 გახადა. როჯერთან მომდევნო დაპირისპირებისას “ნოლეს” პირადი შეხვედრების ბალანსის გაწონასწორების შანსი მიეცა.
ფედერერთან პაექრობისას ჯოკოვიჩმა 2 საათსა და 22 წუთში 9 ეისი შეასრულა და არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროსთან ერთად A ჯგუფს სათავეში ჩაუდგა.
კლასიფიკაციის ლიდერ რაფა ნადალს რაც შეეხება, B ჯგუფში მალიორკელმა ვალენსიელ დავიდ ფერერს იოლად, საათსა და 14 წუთში 6:3, 6:2 მოუგო და პარიზში განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო. რაფამ 21-ედ დაამარცხა დავიდი, თავად კი ფერერთან 5 მატჩი აქვს წაგებული.
“ეს მოგება მეტ დამაჯერებლობას შემძენს. მიუხედავად იმისა, რომ დასვენების დრო პრაქტიკულად არ მაქვს, ვავრინკასთან დაპირისპირებას მზადყოფნაში შევხვდები”, - განაცხადა ნადალმა და დასძინა, ლონდონში ჩემი მიზანი უკვე რეიტინგში პირველი ადგილის შენარჩუნება კი არა, მთლიანად ტურნირის მოგებააო.
თუკი რაფა ნადალი მომდევნო შეხვედრაში სტანისლას ვავრინკას დაამარცხებს, სეზონს პირველი ჩოგნის რანგში დაასრულებს.