ჩოგბურთი

16:18 | 13.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ჯოჯოხეთივით მწარე მარცხი”

ანა ტატიშვილმა მსოფლიოს მე-16 ჩოგანს არაფერი დაუთმო

“ყველაფერი გავიღე, თუმცა კირილენკოზე 2 ქულით ნაკლები აღმომაჩნდა – 6:4, 6:7, 6:7. ეს წაგება ჯოჯოხეთივით მწარეა... ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის! ყველანი მიყვარხართ!”, - ასე გამოეხმაურა ანა ტატიშვილი საკუთარ “ფეისბუქის” გვერდზე რუს მარია კირილენკოსთან გამართულ ტრილერს, რომელიც თითქმის სამ საათს გაგრძელდა და მსოფლიოს მე-16 ჩოგნის მძიმე გამარჯვებით დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ ტატიშვილის და კირილენკოს დაპირისპირება ცინცინატის პრემიერ-კატეგორიის ტურნირზე (საპრიზო ფონდი 2 369 000 დოლარი) შედგა და ეს, ანას და მარიას მე-2 შეხვედრა გახლდათ, პირველში კი, რომელიც 2011 წელს ჩარლსტონში ჩატარდა, ტატიშვილმა 5:7, 7:5, 6:3 იმარჯვა. ამდენად, ახლა, რუსმა რევანშის აღება მოახერხა.

გასულ შეხვედრაში ტატიშვილს პირველ მოწოდებაზე 63%-ანი მაჩვენებელი ჰქონდა, საიდანაც სათავისოდ 64% (47 74-დან) დაასრულა, მეორე მოწოდებაზე კი ბურთების 61% (27 44-დან) მოიგო.

ანამ მისთვის უჩველოდ ბევრი 8 ეისი მოაწოდა და 6 ორმაგი შეცდომა დაუშვა (მარიას 12 ეისი და 8 ორმაგი ჰქონდა). ქართველმა ჩოგბურთელმა 11-დან 4 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, ხოლო რუსმა 4-დან 3 ბრეიკი მიითვალა. ჯამში ტატიშვილმა კირილენკოზე მხოლოდ ორით ნაკლები ბურთი მოიგო – 120:122.

მოკლედ, საქართველოს პირველმა ჩოგანმა მსოფლიოს მე-16 ჩოგანს არაფერი დაუთმო, რაც მოახლოებული აშშ-ს ღია პირველობის წინ, იმედიანად განგვაწყობს. US Open-ი სტარტს 26 აგვისტოს აიღებს და 8 სექტემბრამდე გასტანს, მანამდე კი, 18-24 აგვისტოს ნიუ ჰეივენში კიდევ ერთი პრესტიჟული ტურნირი (საპრიზო ფონდი 690 ათასი დოლარი) გახლავთ დაგეგმილი.

ტატიშვილმა შარშანდელ აშშ-ს ღია პირველობაზე ჩინებულად ითამაშა და მერვედფინალში გასვლით ერთბაშად 280 სარეიტინგო ქულა შეიმატა, რომელიც წლეულს ექნება დასაცავი.

შეგახსენებთ, რომ იმ ტურნირზე ანამ ფრანგი სტეფანი ფორეც გაკონი – 6:2, 6:0, რუმინელი სორანა კირსტეა – 6:7 (5:7), 6;1, 6:2 და ლუქსემბურგელი მენდი მინელა – 7:5, 6:0 დამარცხა, მე-4 წრეში კი მომავალ ჩემპიონ ვიკტორია აზარენკასთან (ბელარუსი) 2:6, 2:6 წააგო.

0.111977