ქართველმა დიდოსტატმა ბაადურ ჯობავამ (2696) 2013 წლის მსოფლიოს თასის მე-2 რაუნდში უკრაინელი ანტონ კორობოვთან (2720) დაპირისპირებაში წონასწორობის აღდგენა მოახერხა. შეგახსენებთ, რომ ჯობავამ შავი ფიგურებით მარცხი განიცადა, დღეს კი თეთრებით ჩინებულად ითამაშა და მეტოქე 37-ე სვლაზე დაამარცხა.
16 აგვისტოს ქართველი და უკრაინელი მოჭადრაკეები ერთმანეთს ტაი-ბრეიკზე გაეჯიბრებიან, მათ შორის გამარჯვებული კი მე-3 წრეში უკრაინის საუკეთესო მოჭადრაკე რუსლან პონომარიოვს (2756) და რუსი დანიილ დუბოვს (2624) შორის უმჯობესს შეხვდება, რომელთაც ასევე ტაი-ბრეიკი ელით.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს თასზე თითოეული მატჩი 2 პარტიისგან შედგება, გარდა ფინალისა, სადაც 4 შეხვედრა გაიმართება. ტაი-ბრეიკი: ძირითადი მატჩის ფრედ დამთავრების შემთხვევაში ორი პარტია 25 წუთს+10 წამი; ორი პარტია 10 წუთს+10 წამი; ორი პარტია 5 წუთი+3 წამი და არმაგედონი – თეთრების 5 წუთი შავების 4 წუთის წინააღმდეგ 3 წამის დამატებით თითოეულ სვლაზე, ყაიმის შემთხვევაში შავები გადადიან შემდეგ წრეში.
ნორვეგიის ქალაქ ტრომსოში მიმდინარე ტურნირის საპრიზო ფონდი 1 600 000 დოლარია, საიდანაც ჩემპიონი 120 000-ს მიიღებს, ყველაზე მცირე თანხა კი იმ მოჭადრაკეებს ერგებათ, რომლებმაც თამაში პირველივე წრეში დაასრულეს – 6 000 დოლარი.