ჭადრაკი

0:39 | 17.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავა ლიდერს მიუახლოვდა

ბაადურ ჯობავამ (2713) იტალიის ქალაქ ბერგამოში მიმდინარე პრესტიჟულ ტურნირზე ზედიზედ მე-2 გამარჯვება იზეიმა და მე-2 ადგილზე გადაინაცვლა.

შეგახსენებთ, რომ აპენინურ ACP Golden Classic-ზე 7 მოჭადრაკე თამაშობს, ბაადურმა კი ამჯერად შავი ფიგურებით იტალიელი დანიელე ვოკატურო (2584) დაამარცხა და თავი 2.5 ქულას მოუყარა.

ერთპიროვნული ლიდერი ფილიპინელი უესლი სო (2744) გახლავთ, რომლის აქტივშიც 3.0 ქულაა. გასულ ტურში იგი შავებით უნგრელ ზოლტან ალმაშის (2693) დაუზავდა, დღის კიდევ ერთ შეხვედრაში კი რუსმა იან ნეპომნიაშჩიმ (2730) ტურნირზე პირველი გამარჯვება იზეიმა იტალიელ საბინო ბრუნელოსთან (2568).

რაც შეეხება ისრაელის წარმომადგენელ ემილ სუტოვსკის (2620), რომელთანაც ჯობავამ ერთადერთი მარცხი განიცადა, იგი ისვენებდა.

მე-5 ტურში, რომელიც 17 ივლისს შედგება, შემდეგი პარტიებია დაგეგმილი: ჯობავა-ალმაში, ბრუნელო-ვოკატურო, სუტოვსკი-ნეპომნიაშჩი.

შეგახსენებთ, რომ ასპარეზობა “პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის” ორგანიზებით ტარდება და 7 მონაწილე წრიული სისტემით პარტიების გადადების საშუალებით ასპარეზობს.

მოთამაშეებს პირველ 40 სვლაზე 150 წუთი აქვთ, შემდეგ 60 წუთი 1 სვლაზე + 15 წუთი პარტიის ბოლომდე (30 წამიანი დამატებით თითოეულ სვლაზე, 57-ე სვლიდან დაწყებული).

ტურნირი 20 ივლისამდე გასტანს, გადადებული პარტიებისთვის კი 19 ივლისია გამოყოფილი. პარტიების დასაწყისი თბილისის დროით 16.00 საათზეა.

0.118136