იტალიურ ქალაქ ბერგამოში დაიწყო რიგით მეორე ACP Golden Classic-ის გათამაშებამ, რომელშიც საქართველოს ნაკრების ლიდერი ბაადურ ჯობავაც ჩაერთო. ასპარეზობა “პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის” ორგანიზებით ტარდება და 7 მონაწილე წრიული სისტემით პარტიების გადადების საშუალებით ასპარეზობს.
მოთამაშეებს პირველ 40 სვლაზე 150 წუთი აქვთ, შემდეგ 60 წუთი 1 სვლაზე + 15 წუთი პარტიის ბოლომდე (30 წამიანი დამატებით თითოეულ სვლაზე, 57-ე სვლიდან დაწყებული).
ტურნირი 20 ივლისამდე გასტანს, დასვენების და გადადებული პარტიების დღეები კი 15 და 19 ივლისია. პარტიების დასაწყისი თბილისის დროით 16.00 საათზეა.
მონაწილეთა სია: 1. ვოკატურო (იტალია, 2584), 2. ალმაში (უნგრეთი, 2693), 3. სო (ფილიპინები, 2744), 4. ჯობავა (საქართველო, 2713), 5. ბრუნელო (იტალია, 2568), 6. სუტოვსკი (ისრაელი, 2620), 7. ნეპომნიაშჩი (რუსეთი, 2730).
ჯობავამ შეჯიბრება ბრუნელოსთან ყაიმით გახსნა, რასაც სუტოვსკისთან მარცხი და ნეპომნიაშჩისთან გამარჯვება მიაყოლა. შედეგად, ბაადურმა 1.5 ქულა მოაგროვა და ბრუნელოსთან და სუტოვსკისთან ერთად მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფს, ლიდერი კი სოა 2.5 ქულით.
მე-4 ტურში, რომელიც 16 ივლისს შედგება, ჯობავა შავი ფიგურებით ვოკატუროს ეთამაშება.