სომხეთის ჩემპიონატი გოლით გახსნა კაპანის “განძასარის” ფორვარდმა შოთა ჯიქიამ. გიუმრის “შირაქთან” სტუმრად გამართულ მატჩში (1:1), ჯიქიამ “განძასარში” თავიდან ბოლომდე ითამაშა და 65-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა.
ფინეთის ლიგის თასზე ტურკუს “ინტერი” გასვლაზე “მარიეჰამნთან” 0:1 დამარცხდა. სირბილაძე სასტარტოში იმყოფებოდა და შესვენების შემდეგ მოედანზე აღარ გამოჩენილა.
პოლონეთის ექსტრაკლასაში (უმაღლესი ლიგა), ვარშავაში, ადგილობრივი “ლეგიასა” და ბიალისტოკის “იაგელონიას” მატჩი, ტრიბუნაზე გუნდების გულშემატკივრებს შორის მომხდარი არეულობის გამო შეწყდა. ნიკა ძალამიძე “იაგიელონას” შემადგენლობაში მოედანზე პირველი წუთიდან იყო. მისი თანაგუნდელი გიორგი ფოფხაძე და “ლეგიას” წევრი ვლადიმერ დვალიშვილი მატჩს დისკვალიფიკაციის გამო ტოვებდნენ.
რუსეთის პრემიერლიგაში მოასპარეზე “როსტოვმა” ამხანაგურ მატჩში მეორე დივიზიონის “დოლგოპრუდნი” 4:1 დაამარცხა. ჯანო ანანიძემ გამარჯვებულებში 90 წუთი დაჰყო და მე-16 წუთზე ანგარიში გახსნა.
აზერბაიჯანის პრემიერლიგის 24-ე ტურში, აზალ-ი, სადაც ლაშა კასრაძე ირიცხება, სტუმრად “რავანთან” 0:1 დამარცხდა. ქართველი მცველი სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა და 73-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 83-ეზე შეცვალეს. აზალ-ს 26 ქულა აქვს და 10 გუნდში მერვეა.