სტატიები

15:35 | 13.10.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჯგერენაია - პატარა ბიჭისთვის მიცემული ერთი შანსი

ამ წერილში "გაგრას" მცველ გიორგი ჯგერენაიაზეა საუბარი, რომელიც 19 წლისაა და საქართველოს 21-წლამდელებშია გამოძახებული.
ერთ დროს საქართველოში ბუმი იყო. რისი? იმის, რომ ყველას სურდა, გამხდარიყო საფეხბურთო აგენტი და ამ დროს ქართულ ფეხბურთში შემოჭრილ “აგენტომანიას“ ვუწოდებ. ზოგი ოფიციალურად გახდა აგენტი, ზოგიც არაოფიციალურად მუშაობდა – მეგობრები ჰყავდა და იმით ცდილობდა ფონს გასვლას. სწორედ ამ აგენტომანიას შეეწირა იმ დროს ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი. ნაადრევად გაუშვეს უცხოეთში, ვერც იქ ივარგა, აქ დაბრუნებული დაიწუნეს, იქ ვერ დარჩა და აქ რით უნდა გაგვაოცოსო.
მაგრამ ტყუილად კი არაა ნათქვამი, დრო ყველაფრის მკურნალიაო - აგენტებს და “აგენტომანიასაც“ ბოლო მოუღო. ზოგი თავისით შეეშვა ამ საქმეს, ზოგიც გაკოტრდა, ზოგიც დაიღალა და ასე შემდეგ.
რატომ დავიწყე საუბარი აგენტებით? არავინ შეეცადოს ჩემს დარწმუნებას იმაში, რომ საქართველოში ნიჭიერი ფეხბურთელები არ არიან, რომელთაც მომავალში შეეძლებათ საერთაშორიო ასპარეზზე თავის გამოჩენა. უბრალოდ, თვალი კარგად უნდა გაახილო, უფრო მოინდომო და ამ ნიჭიერს დაინახავ.
დროა საჭირო და თუ დროს სათანადოდ გამოიყენებ, საათი შენს სასარგებლოდ დაიწყებს მუშაობას და წარმატებაც მოვა. შენს საქმესაც აიწყობ, ნიჭიერსაც მიხედავ და შენს ქვეყანასაც დიდ სამსახურს გაუწევ.
ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ, ერთ პატარა ბიჭზე, რომელიც ასევე ნიჭიერი იყო, პერსპექტიული და ალბათ, მარად ასეთი დარჩებოდა და ფეხბურთსაც შეეშვებოდა, რომ არა ერთი შემთხვევა, თუმცა მანამდე...…
_ მამა, მე იქ ვერ დავრჩები. ვგრძნობ, რომ ჩემში ვერ ხედავენ იმას, რაც უნდა დაინახონ. ალბათ, დროა წამოვიდე, _ უთხრა გულდაწყვეტილმა შვილმა მამას და მართლაც იმ გუნდიდან წამოვიდა. მოკლედ, ვერ დარჩა.
გავიდა გარკვეული პერიოდი. მეორე გუნდში საერთოდ არ მიაქციეს ყურადღება, იგნორი და კიდევ ერთხელ მიხვდა ეს ბიჭი, რომ ვერც იქ დარჩებოდა და წამოვიდა. ვიღას უნდა შენი ნიჭი, არ გამოდის არაფერი. პატარა ბიჭს გული დასწყდა, ცხოვრების პირველივე ეტაპზე იმედი გაუცრუვდა და მიიღო კიდეც გადაწყვეტილება _ ფეხბურთს უნდა შეეშვას. ან თავად ვერ თამაშობს, ან სხვას არ უჭრის თვალი.
შემდეგ დაბრუნდა ისევ იქ, საიდანაც დაიწყო და რამდენიმე დღეში თავისი გადაწყვეტილება მოიწონა კიდევაც _ არა, ფეხბურთი ჩემი საქმე აღარაა. ტყუილად ვკარგავ დროს. ისევ სწავლას უნდა მივხედოო.…
მაგრამ...
მოხდა ისე, რომ ერთ-ერთი ამხანაგური შეხვედრის შემდეგ, ის შეამჩნიეს. გამოარჩიეს და მოიწონეს. წაიყვანეს თავისთან და ბიჭს იმედი მიეცა – იქნებ, მართლაც ესაა ჩემი შანსიო. მართალია, იმ გუნდშიც დახვდა ისეთი მწვრთნელი, რომელმაც მასში სათანადო ვერ დაინახა და მეორე გუნდისკენ მიუთითა, მაგრამ ამ შემთხვევაში გუმანმა უკარნახა, შენ კიდევ ერთხელ უნდა სცადოო.
საუბარი ამ შემთხვევაში გვაქვს გიორგი ჯგერენაიაზე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრზე, რომელზეც დღეს ბევრი დიდ იმედებს ამყარებს და ასეცაა. რამდენიმე უცხოურმა კლუბმა უკვე თვალი დაადგა და როგორც ამბობენ, უახლოეს პერიოდში უცხოეთში წავა კიდევაც.
გიორგი დღეს საფეხბურთო კლუბ “გაგრას“ წამყვანი ფეხბურთელია და ცხადია, ამ გუნდის დიდი მადლიერია. სწორედ ამ კლუბმა მისცა მას ყველაზე დიდი შანსი ცხოვრებაში და ჯგერენაია ცდილობს გამოიყენოს.
კარგად მახსოვს, გუნდის ახალმა თავკაცმა ზვიად ჯელაძემ რომ დაიჟინა – ჯგერენაია უნდა ვათამაშო ძირითად შემადგენლობაში სტუმრად, რუსთავის “მეტალურგთანო“. ბევრი ეჭვის თვალითაც უცქერდა მის ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ… დაიჟინა და გაამართლა კიდევაც. იმ დღიდან მოყოლებული, გიორგი ძირითადშია, სრულიად დამსახურებულად.
აი, ესაა პროფესიონალიზმი, სწორი არჩევანი, საფეხბურთო ხედვა – დამისახელეთ დღეს გუნდი, სადაც იმაზე მეტი ახალბედა, ნიჭიერი, პერსპექტიული ფეხბურთელი თამაშობს, ვიდრე საფეხბურთო კლუბ “გაგრაში“. ასეთი არ არსებობს!
ამასწინათ ამბობდნენ კიდეც, “გაგრა“ კარგ ფეხბურთელებს თავისთვის არ იტოვებს, სულ ცდილობს მათ უცხოეთში გაყიდვასო.
ამგვარი საუბარი, ყველაზე კულტურულად რომ ვთქვათ, დიდი სისულელეა, ვინაიდან დღეს ქართული ფეხბურთი იმდენად “მდიდარი“ არაა, თუნდაც როგორც უკრაინა, რუსეთი, რომ აღარაფერი ვთქვათ დასავლეთ ევროპის ქვეყნებზე. “მდიდარი“ იმით, რომ ნიჭიერი ფეხბურთელი ნამდვილ პროფესიონალად ჩამოყალიბდეს, გაიზარდოს. ადრე ერთი გამოჩენილი ფეხბურთელი მიყვებოდა, გერმანიაში ვიყავით შეკრებაზე, გერმანელებმა გაგვსინჯეს და დაგვიდგინეს, კუნთი არასწორადაა გაზრდილიო. ხელის კუნთზე კი არაა საუბარი, ფეხის, ფეხის...…ჩვენ ფეხბურთზე ვსაუბრობთ. ფეხია მთავარი ფეხბურთელისთვის, საქართველოში კი ისეთი მინდვრებია, ფეხბურთელებს კუნთები თუ აქვთ საერთოდ, ისიც კი გასაკვირია.
მოდი, ასე დავსვათ კითხვა _ რა წააგო ქართულმა ფეხბურთმა იმით, რომ თორნიკე ოქრიაშვილი “გაგრამ“ დონეცკის “შახტარში“ გაუშვა? კი არ წააგო, ძალიან ბევრი მოიგო…და მოიგო პირველ რიგში ის, რომ ათასობით გულშემატკივარი სტადიონზე თუ ტელევიზორთან აღტაცებით გაჰყვიროდა “საქართველოს”, როდესაც თორნიკემ ბელარუსებს გოლი გაუტანა,…ესპანელებთან ფინტების კასკადი დაატრიალა, პიკე, ალბა და ბუსკეტსი ანერვიულა.
შორს ვარ იმ აზრისგან, რომ თორნიკე საქართველოში დარჩენის შემთხვევაში “დაიკარგებოდა“, მაგრამ უკრაინაში წასვლით, როგორც პროფესიონალი ფეხბურთელი ჩამოყალიბდა. იცით, რა არის? ცუდია ის, როდესაც 12-13 წლის ბიჭებს ერეკებიან უცხოეთში, თორემ 17-18 წლის მოთამაშეების მაღალი დონის კლუბებში გაშვება დიდი საქმეა.
“გაგრამ“ თავისი ფეხბურთელები “ლე მანში“, კიევის “დინამოში“, დონეცკის “შახტარში“, მარიუპოლის “ილიჩივეცში“ გაუშვა და არა ისეთი დონის გუნდებში, სადაც არც პერსპექტივაა, არც მაღალი დონე და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არც ფული.
ისევ გიორგი ჯგერენაიას დავუბრუნდეთ. დღეს მის ნიჭს ყველა აღიარებს და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებშიც მან ღირსეულად წარმოაჩინა თავი. ახალგაზრდულ ნაკრებშიცაა გამოძახებული და იმედია, რომ ძირითად შემადგენლობაშიც დაიმკვიდრებს ადგილს.
“გაგრა“ წლეულს პირველ ლიგაში ასპარეზობს, მაგრამ კლუბის პრეზიდენტ ბესიკ ჩიხრაძეს და მასთან დაახლოებულ ნამდვილ საფეხბურთო აგენტებს, მათგან კი გამორჩეულს მამუკა ამიროვს, არ უჭირთ ნიჭიერი მოთამაშეების მაღალი დონის კლუბებში მოწყობა.
არაერთხელ გვითქვამს, რომ საფეხბურთო კლუბ “გაგრას“ მიზანია, რაც შეიძლება ბევრმა გაგრელმა ითამაშოს ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში. ეს ხომ ქართული ფეხბურთის გამარჯვება იქნება, ამაზე დიდი გამარჯვება კლუბისთვის რაღა უნდა იყოს?
დაწყებულით დავასრულებ: საფეხბურთო აგენტებს მოვუწოდებთ, რომ “თვალები კარგად გაახილონ“, სხვის მაგალითებზე ისწავლონ და ნიჭიერი ფეხბურთელები იპოვონ. ისინი საქართველოში მრავლად არიან და ამით ისევ ქართული ფეხბურთი გაიმარჯვებს.


http://www.fcgagra.ge
http://www.fcgagra.ge-ს ფოტო

0.338759