ავტოსპორტი

15:03 | 25.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

ჯერჯერობით, ყველაზე სწრაფი „მაკლარენია“

ავსტრალიის ქალაქ მელბურნის ალბერტ პარკზე, სტარტი აიღო ფორმულა ერთის მსოფლიოს 62-ე მსოფლიო ჩემპიონატმა. მისი მონაწილეები დღეს თავისუფალ პრაქტიკებზე ვარჯიშობდნენ და მართალია, მათზე ნაჩვენებ შედეგებს არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ისინი მაინც დიდ ინტერესს იწვევენ, რადგან მათი შედეგების მიხედვით, მეტნაკლებად შესაძლებელია გუნდების მომზადების დონეზე თუნდაც ზერელე წარმოდგენის შექმნა.

პირველ პრაქტიკაზე ყველაზე სწრაფები „რედ ბულის“ პილოტები იყვნენ, რომლებისგანაც ეს მოსალოდნელი იყო, თუმცა მეორე ვარჯიშის შედეგების მიხედვით, ცხრილის სათავეში „მაკლარენის“ პილოტები მოექცნენ. აღსანიშნავია, რომ მეორე ერთსაათიანი პრაქტიკის მეორე ნაწილის განმავლობაში, ყველა გუნდი უკანა რეგულირებად ფრთას ცდიდა, რის გამოც, მათ მზადების პროგრამის შეცვლამ მოუწია.

ისიც აღსანიშნავია, რომ ორივე პრაქტიკის ჯამში, ყველაზე სწრაფები ჯენსონ ბატონი და ლუის ჰამილტონი იყვნენ. სხვათა შორის, ალბერტ პარკის წრის წუთსა და 26 წამზე სწრაფად გავლა, სწორედ ამ ორმა პილოტმა შეძლო. ეს კი, შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ „მაკლარენმა“ ის პრობლემები დასძლია, რომლების გამოც, სეზონის წინა ტესტების შემდეგ, ბევრმა ისინი ფავორიტთა სიიდან გამოიყვანა.

ცნობისათვის, „მაკლარენმა“ სწორედ სეზონისწინა ტესტების შემდეგ შეცვალა თავის მანქანაზე ურთულესი გამოსაბოლქვი სისტემა, რომელიც პერსპექტიულ გადაწყვეტადაა მიჩნეული, თუმცა სრულყოფისთვის გაცილებით მეტი დრო და ტესტები სჭირდება, ვიდრე სეზონისთვის მზადების პროცესშია შესაძლებელი. ინგლისურმა გუნდმა ავსტრალიის წინ, ზუსტად ისეთი გამოსაბოლქვი შეიმუშავა, როგორიც „რედ ბულ რეისინგს“ აქვს და როგორც „მაკლარენის“ ხელმძღვანელობა ირწმუნება, ამან მანქანა წრეზე წამით ააჩქარა.

საინტერესოა, რომ „მაკლარენის“ დუეტს ავსტრალიური რბოლა ზედიზედ სამჯერ აქვს მოგებული. ამასთან, ბოლო ორ შემთხვევაში გამარჯვება ბატონმა იზეიმა, რომელმაც ვარჯიშზე ჰამილტონს სულ რაღაც 0.132 წამით აჯობა. ბატონთან 0.147 წამი წააგო მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ფერნანდო ალონსომ, ვისაც თავის მხრივ, სულ რაღაც 0.013 წამით ჩამორჩა მოქმედი ჩემპიონი სებასტიან ფეტელი. თუ პირველ სესიაზე საუკეთესო იყო, მეორეზე მხოლოდ მეხუთე შედეგს დასჯერდა უებერი, რომელსაც შანსი აქვს, გახდეს პირველი ავსტრალიელი, რომელიც საშინაო რბოლას მოიგებს.

მეორე პრაქტიკის მიწურულს გაწვიმდა, რის გამოც, გუნდებმა ვარჯიშის გაგრძელება აღარ ისურვეს. სხვათა შორის, სინოპტიკოსები კვალიფიკაციის დროსაც წვიმას ვარაუდობენ, თუმცა რბოლისთვის მშრალი ამინდია მოსალოდნელი.

ახალბედებს შორის, საუკეთესო მექსიკელი სერხიო პერესი იყო, რომელიც პირველ სესიაზე მე-17 შედეგს კი დასჯერდა, თუმცა მეორეზე მერვე საფეხურზე გადაინაცვლა. პრაქტიკები დროის გარეშე დაასრულა „ისპანია რეისინგმა“, რომელიც ტრასაზე მხოლოდ ერთხელ და ისიც, მეორე სესიის მიწურულს გამოჩნდა, როდესაც წვიმის გამო ყველა ბოქსში იჯდა. საჭესთან იტალიელი იარნო ტრული იჯდა, ვის გამოჩენასაც მაყურებელი დამცინავი ოვაციით შეხვდა. ტრულიმ მხოლოდ ერთი წრის გავლა შეძლო, შემდეგ ბოქსს დაუბრუნდა და ის აღარც დაუტოვებია.

 

პირველი თავისუფალი პრაქტიკა

1. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    1:26.831

2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)             1:27.158

3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                  1:27.749

4. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                    1:28.152

5. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი)              1:28.430

6. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                1:28.440

7. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)            1:28.483

8. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)                 1:28.690

9. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                         1:28.725

10. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო)                         1:28.765

11. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                          1:28.842

12. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო)                          1:28.928

13. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)               1:29.314

14. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო)             1:29.328

15. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)        1:29.403

16. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, ტორო როსო)         1:29.468

17. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                          1:29.643

18. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)           1:31.002

19. ჰეიკი კოვალაინნი (ფინეთი, ლოტუსი)                   1:32.428

20. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი)                  1:35.282

21. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი)                           1:35.289

კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ლოტუსი)                          დროის გარეშე

ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია)                        დროის გარეშე

ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)                      დროის გარეშე

 

მეორე თავისუფალი პრაქტიკა

1. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                   1:25.854

2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:25.986

3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                     1:26.001

4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)                 1:26.014

5. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                        1:26.283

6. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)                   1:26.590

7. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:26.789

8. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                            1:27.101

9. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი)                1:27.280

10. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                    1:27.448

11. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო)           1:27.525

12. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო)                          1:27.528

13. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო)                          1:27.536

14. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო)             1:27.697

15. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                       1:28.095

16. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)            1:28.376

17. ადრიან სუტილი (გერმანია,ფორს ინდია)              1:28.583

18. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)      1:29.386

19. ჰეიკი კოვალაინნი (ფინეთი, ლოტუსი)                  1:30.829

20. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი)                         1:30.912

21. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი)                  1:32.106

22. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი)                          1:32.135

ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია)                      დროის გარეშე

ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)                    დროის გარეშე

 

მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ

http://formula1ge.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.107433