ფეხბურთი

20:45 | 2.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯერარდი: “მეამაყება, რომ შემიძლია ადამიანებს სიხარული ვაჩუქო”

 

შაბათს “ენფილდზე” “ლივერპული” ბერძნულ “ოლიმპიაკოსს” ამხანაგურად გაეჯიბრება. ამ დღეს ლეგენდარულ კაპიტან სტივენ ჯერარდს განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ. მატჩი საქველმოქმედოა და მთელი შემოსავალი ჯერარდის ფონდში ჩაირიცხება, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებს ეხმარება. ამასთან დაკავშირებით ჯერარდი liverpool  Echo-ს ესაუბრა.

“ეს დღე განსაკუთრებულია ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. გასახდელიდან მინდორზე ჩემი გოგონები გამომაცილებენ, შემდეგ კი ერთად დავესწრებით საზეიმო ვახშამს, - ამბობს 33 წლის ჯერარდი, - რაც უფრო გემატება ასაკი, გრძნობ, რომ კარიერა დასასრულს უახლოვდება და ასეთი ბედნიერი წუთები ბევრი აღარ იქნება. ერთ კლუბში დიდი ხანია ვთამაშობ, ასეთი რამ დღეს იშვიათობაა. არაერთხელ მქონდა სხვაგან გადასვლის საშუალება, მაგრამ “ლივერპულში” დარჩენა ვარჩიე და შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ სწორად მოვიქეცი. ენფილდელ ქომაგებთან განსაკუთრებული, თბილი ურთიერთობა მაქვს და ახლაც მოუთმენლად ველი მათთან შეხვედრას. მატჩიდან შემოსული მთელი ფული ჩემს ფონდში გადაირიცხება, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებს ეხმარება. მთავარ სამუშაოს მერსისაიდში ვატარებთ, თუმცა გარკვეულ ღონისძიებებს პორტუგალიასა და ირლანდიაშიც ვგეგმავთ.

როცა ხედავ თუ როგორ სჭირდები ამ ადამიანებს, სიამაყის გრძნობა გეუფლება, რადგან სულ ცოტას შენც აკეთებ მათთვის, აკეთებ და სიხარულს ჩუქნი.”

ჯერარდმა თავად აირჩია შაბათის მეტოქე. მიზეზი კი ის იყო, რომ 2004 წლის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, მან უმნიშვნელოვანესი და ულამაზესი გოლი გაუტანა ბერძნებს: “თითქოს გუშინ იყოო, - აგრძელებს ჯერარდი, - სწორედ ამ გოლმა წაგვწია წინ, რაც საბოლოოდ სტამბოლის ტრიუმფით დამთავრდა (“ლივერპულმა” სტამბოლის ფინალში პენალტების სერიით სძლია “მილანს” – რედ). ჩვენ “მილანსაც” დავუკავშირდით და “ოლიმპიაკოსსაც.” ბერძნებმა მაშინვე დადებითად გვიპასუხეს. ახლა საქველმოქმედო ღონისძიებებში ერთად მივიღებთ მონაწილეობას.”

0.114235