დიღომში მდებარე საჭიდაო დარბაზი, რომელსაც რამდენიმე წლის წინ შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემია ეწოდა, იქამდე კი ლევან თედიაშვილის სახელობის საჭიდაო სკოლა ერქვა, მომავალი წლიდან საქართველოს ძიუდოს ფედერაციას გადაეცემა. შენობა ამჟამად თბილისის მერიის ბალანსზეა და იქ თბილისის 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. დიდი ალბათობით, სწორედ ფესტივალის დასრულების შემდეგ დაბრუნდებიან ძიუდოისტები აკადემიას, რომელიც რამდენიმე წლის წინ ერთხელ უკვე მიიღეს მერიისგან საჩუქრად, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება ყოფილა. იურიდიულ დამტკიცებამდე კი საქმე აღარ მისულა.
ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, რომელსაც სპორტის მინისტრ ლევან ყიფიანის გარდა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობაც დაესწრო: პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი და პირველი ვიცეპრეზიდენტი მამუკა ყიზილაშვილი. ასევე ნაკრების წევრი ადამ ოქრუაშვილი.
“13 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მე და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ჩვენი ნაკრების წევრებს, მთავარ მწვრთნელსა და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს შევხვდით. პრემიერმინისტრს სურდა, საქართველოს გამორჩეული სპორტსმენებისა და გუნდისთვის წლევანდელ ევროპირველობაზე მიღწეული გამარჯვება მიელოცა და ამასთან, პირადად მათგან მიეღო ინფორმაცია იმ პრობლემების შესახებ, რომლების მოგვარების შემთხვევაშიც ძიუდო კიდევ უფრო პოპულარული შეიძლება გახდეს. მოგეხსენებათ, ქართული სპორტისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემა ინფრასტრუქტურის პრობლემაა და სამწუხაროდ, გამონაკლისი არც ძიუდოა. ითქვა, რომ ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება, უკვე რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის მოსამზადებელი ციკლიც დაიწყო და ამ დროს, სავარჯიშო დარბაზის საკითხი მოუგვარებელია. ძიუდოისტების ამჟამინდელი ნავთსაყუდელი – დიღმის დარბაზი თბილისის ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება და ამ ეტაპზე იქ საწვრთნელი პროცესების წარმოება შეუძლებელია, მაგრამ არის სურვილი, რომ დარბაზი ძიუდოს ფედერაციას გადაეცეს. ეს უმნიშვნელოვანესი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება ქართული ძიუდოს მომავალი გამარჯვებებისთვის” – განაცხადა ლევან ყიფიანმა და იქვე საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობასა და ძიუდოისტებს თავიანთი საქმის პროფესიულად კეთებისთვის მადლობა გადაუხადა.
ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დარბაზის პრობლემის გადასაჭრელად უკვე უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადაიდგა.
“მივიღეთ არგუმენტირებული დაპირება, რომ ოლიმპიური ფესტივალის დასრულების შემდეგ დარბაზი ფედერაციას გადმოეცემა. ეს კი ნიშნავს, რომ დიღმის აკადემიაში არა მარტო საწვრთნელ პროცესებს, არამედ ერთობლივ სანაკრებო წვრთნებსაც ჩავატარებთ” – აღნიშნა დავით ქევხიშვილმა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობას მხარში დგომისთვის მადლობა გადაუხადა.
სპორტის სამინისტროს პრესსამსახურის ფოტო