ძიუდო

14:15 | 21.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯერ დიუსელდორფი, მერე ვარშავა

გამთენიისას საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები გერმანიაში გაემგზავრა, დიუსელდორფის “დიდ პრიზზე” საჭიდაოდ. პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც შაბათ-კვირას გაიმართება, ქართული გუნდი ორი შემადგენლობით გამოვა. ნატურნირევს დიუსელდორფში ნაჭიდავებ 14 ქართველ სპორტსმენს ნაკრების კიდევ ორი კანდიდატი – ბექა ღვინიაშვილი (81 კგ) და ლაშა ტაველურიც (90 კგ) დაემატება, ერთობლივ სანაკრებო წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად.
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გერმანიაში ტატამს უბრუნდება ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (66 კგ). იგი ჯერ კიდევ პარიზის “დიდ სლემზე” უნდა გამოსულიყო, მაგრამ მწვრთნელმა წინასწარი განაცხადიდან ვარჯიშისას მიღებული მუხლის ტრავმის გამო ამოწერა. ამჯერად კი ლაშა უკვე მწყობრშია.
დიუსელდორფის “დიდ პრიზს” ზუსტად ერთ კვირაში ვარშავული “ევროპის ღია ტურნირი” მოჰყვება. პოლონეთში კიმონოს გერმანიაში ნავარჯიშები რამდენიმე ძიუდოისტი მოირგებს. მათ თბილისიდანაც დაემატებიან საქართველოს ნაკრების კანდიდატები. ამ შემთხვევაში გამორჩეულად საინტერესო შემადგენლობაში ლევან ჟორჟოლიანის გამოჩენაა. 100 კილოგრამი წონითი კატეგორიის შიდა კონკურენციის ექსლიდერმა გასული სეზონის ბოლოს აქტიური სპორტული კარიერის დასრულება გადაწყვიტა და საქმიანობა ძიუდოს ფედერაციაში, ვიცეპრეზიდენტის პოსტზე გააგრძელა. ახლახან კი ტატამზე დაბრუნების სურვილი გამოთქვა და წინასწარი ინფორმაციით, კიმონოს ვარშავაში მოირგებს.
ნაკრების გერმანულ და პოლონურ შემადგენლობებს აქვე გთავაზობთ, ოღონდ ვარშავის განაცხადში შეიძლება თითო-ოროლა ცვლილება მოხდეს.

დიუსელდორფის “დიდი პრიზი”
60კგ - ამირან პაპინაშვილი და ბეთქილ შუკვანი
66კგ - ლაშა შავდათუაშვილი და შალვა ქარდავა
73კგ - ამბაკო ავალიანი და ზურაბ ნოზაძე
81კგ - ავთანდილ ჭრიკიშვილი და ლევან წიკლაური
90კგ - ვარლამ ლიპარტელიანი და ზვიად გოგოჭური
100კგ - გიორგი ნოზაძე და ალექსანდრე მსხალაძე
+100კგ - ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი

ვარშავის “ევროპის ღია ტურნირი”
60 კგ –პაატა მერებაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი
66 კგ – ლაშა შავდათუაშვილი და შალვა ქარდავა
73 კგ – ნუგზარ ტატალაშვილი და ზებედა რეხვიაშვილი
81 კგ – პაატა ღვინიაშვილი და ხვიჩა ხუციშვილი
90 კგ – ბექა ღვინიაშვილი და ლაშა ტაველური
100 კგ – ლევან ჟორჟოლიანი და დავით ლორიაშვილი



სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088604